გიორგი კოხრეიძის თქმით მიმდინარე სეზონში “გრენობლის” მთავარი მიზანი საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშია.
“საბურთალოს” ექსფეხნურთელმა, რომელიც ლიგა 2-ის კლუბს ზაფხულში შეუერთდა, ამის შესახებ თბილისელთა ვებგვერდთან ისაუბრა.
– გიორგი, ბოლო ორი მატჩია გუნდის განაცხადში იყავით. ელოდით თამაშს?
– პირველად „ნანსის“ წინააღმდეგ მოვხვდი 18 კაციან განაცხადში. იმ მატჩშიც ველოდი დებიუტს, თუმცა ისე წარიმართა შეხვედრა, რომ… კაცი გაგვიგდეს, შემდეგ მწვრთნელს გარკვეული გადაადგილების გაკეთება მოუხდა.
რაც შეეხება „როდეზის“ წინააღმდეგ ჩემს თამაშს – გამიხარდა, რომ მომიწია მინდორზე შესვლა. ამდენი ხანი ველოდი ამ დღეს. იმედია, მომავალშიც ნელ-ნელა მომეცემა თამაშის შესაძლებლობა და შევალ სპორტულ ფორმაში.
– უშუალოდ მატჩი როგორი იყო?
– საფრანგეთში ძალისმიერ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, ჯარიმის ზღვარზე. ანალოგიური ხდება ვარჯიშებზეც – ერთ-ერთ ბოლო საწვრთნელ პროცესზე თანაგუნდელმა ისე ჩამარტყა ფეხში, ახლაც მეტყობა ნაიარევი. არ აქვს მნიშვნელობა, მატჩის წინა ვარჯიშია თუ არა, ყოველ საწვრთნელ პროცესზე ბოლომდე ბრძოლა მიდის და არ ერიდებიან არაფერს.
„როდეზის“ წინააღმდეგ ბოლო 15 წუთი ვითამაშე. მინიმალური სხვაობით ვიგებდით, თუმცა ბურთს ხშირად მასპინძლები ფლობდნენ. სამწუხაროდ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯარიმიდან გაგვითანაბრეს, არადა მორიგ სამ ქულასთან ახლოს ვიყავით.
– რა პოზიციაზე ითამაშეთ?
– თავდამსხმელების უკან, 10 ნომერზე. შემდეგ რამდენიმე წუთით მარჯვენა ფლანგზე გადამიყვანა მწვრთნელმა.
– ფეხი აღარ გაწუხებთ?
– ისეთი ტრავმა გადავიტანე, ახლა მას სულ მოფრთხილება უნდა. ვარჯიშზე თუ თამაშზე სულ უნდა მოვამზადო ფეხი, გავუფრთხილდე. სისტემატურად დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში და ვვარჯიშობ.
– როგორც, ფრანგულ პრესაში იწერება, „გრენობლი“ გასულ წელს უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, რასაც ვერ ვიტყვით წლევანდელზე. თავად რა შეგიძლია თქვათ?
– გასული სეზონის შემდეგ, გუნდს მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ლაპარაკობენ და ადარებენ გასულ სეზონსა და წლევანდელს. მსგავსი საუბრები მეც მოვისმინე. ყველა მწვრთნელს ფეხბურთზე თავისი შეხედულება აქვს. მთავარია, გუნდმა დასახული გეგმა შეასრულოს.
– და რა არის წლეულს მიზანი?
– უძლიერესთა შორის თამაში, ესაა გუნდის წლევანდელი მიზანი. თუმცა ვნახოთ, რამდენად მოახერხებს გუნდი ამის გაკეთებას. სამწუხაროდ, სტარტი არ გამოგვივიდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ შედეგს.
– „საბურთალოზეც“ გკითხავთ. ალბათ ადევნებთ ყოფილი გუნდის თამაშებს თვალს…
– დიახ, რა თქმა უნდა. ვუყურე „თელავთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ მატჩებს. მგონია და მჯერა, რომ გუნდი მოხვდება ევროტურნირებზე, ამის შანსი და რესურსი კლუბს ნამდვილად გააჩნია. ხელმძღვანელები, მწვრთნელები, ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ, რომ გუნდს შედეგი ჰქონდეს. „საბურთალო“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ კლუბმა ბევრი რამ მომცა.





