„საბურთალო“ შესვენებაზე მესამე ადგილით გავიდა

0
25

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის დასკვნითი მატჩში თბილისის „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლა, სადაც განათების შემდეგ, ტაბლოც გამოიცვალა და უპრობლემოდ დაამარცხა.

ეს გასაკვირი არაა, რადგან „ტორპედოში“ არსებული ფინანსური კრიზისის გამო, ქუთაისელებს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები თბილისში არ ჩამოყვნენ და კახა ჩხეტიანმა სათამაშოდ ახალგაზრდული გუნდი გაიყვანა.

„საბურთალომ“ ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, როდესაც აკაკი შულაიამ სტუმართა საჯარიმოში ერთი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა – 1:0.

43-ე წუთზე, შულაია ქუთაისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და შორეულ ძელთან პასი ნიგერიელ ოგაგა ოდუკოს გაუკეთა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 2:0.

52-ე წუთზე, აკაკი შულაიამ კუთხური ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა შოთა ნონიკაშვილმა თავით გაიტანა 3:0.

„საბურთალომ“ 35 ქულა დააგროვა და 7 აგვისტომდე, ვიდრე კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდება, მე-3 ადგილზე იქნება.

დღეს გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში, „თელავმა“ თავის მშობლიურ ქალაქში „კავკასიონ არენაზე“ „სამგურალს“ უმასპინძლა და ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგმ ამჯერად ქულას დასჯერდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 54-ე წუთზე ცოტნე კაპანაძის გადაცემის შემდეგ ანგარიში გიორგი ჯანელიძემ გახსნა.

„სამგურალმა“ საპასუხო ბურთი ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთი ადრე გაიტანა – პენალტი ზუსტად ალექსნდრე ვერულიძემ შეასრულა.

„თელავმა“ მიჯრით 5 მატჩი არ წააგო – 3 მოგება და 2 ფრე. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი 19 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.