ჩეხეთის მწვრთნელი: „დანიასთან თავდადებაში და სათამაშო განწყობაში არ უნდა წავაგოთ“

0
13

ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იაროსლავ შილჰავის მიაჩნია, რომ ევრო-2020-ის 1/4-ფინალში დანიასთან თავდადებაში და სათამაშო განწყობაში არ უნდა წააგონ.

მან ამის შესახებ დღეს ბაქოში „ოლიმპიურ“ სტადიონზე გასამართ შეხვედრამდე ისაუბრა.

„დანიელები ძალიან ძლიერ გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ. მათი სტილი ჩვენსას ჰგავს. ვიცით, რომ შესაძლოა მათ რიგებში პოულსენმა, კიაერმა და კიდევ ვინმემ არ ითამაშოს, მაგრამ შესაბამისი შემცვლელები ჰყავთ. ამისგან მათი სათამაშო ხარისხი არ დაზიანდება.

დანიასთან თავდადებაში და სათამაშო განწყობაში არ უნდა წავაგოთ. მჯერა, ეს შეგვიძლია. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში უკვე თამაშის ხარისხი დადგება. ერთმა შეცდომად შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

დანიას ბევრი კარგი შემსრულებელი ჰყავს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მეტოქის შეცდომის ან სტადარტული მდგომარეობის სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში სწრაფი გოლის გატანა შეგვიძლია. თანაბარ თამაშს ველოდები, სადაც ბევრი ინდივიდუალური ორთაბრძოლა იქნება და ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს.

ვიცით, რომ დანიელებს მატჩის მსვლელობისას ტაქტიკური სქემის შეცვლა შეუძლიათ. ამ დეტალს ყურადღება მოვაქციეთ და ვფიქრობ, ჩვენი მოთამაშეები მასთან გასამკლავებლად მზად არიან“ – ციტირებს შილჰავის უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჩეხეთი-დანიის დაპირიპირება დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.