კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ უკრაინის ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
75 წლის რუმინელი სპეციალისტი პირველია, რომელმაც უკრაინის ჩემპიონატი როგორც დონეცკის „შახტარს“, ასევე კიევის „დინამოს“ მოაგებინა.
უკრაინის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში ლუჩესკუს გაწვრთნილმა კიეველებმა შინ ნიკა სიჭინავას „ინგულეცი“ 5:0 დაამარცხეს და ოქროს მედლებს სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დაეუფლნენ. კიეველებს 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ, უკრაინის ჩემპიონატი არ მოეგოთ.
ლუჩესკუს 2004-2016 წლებში დონეცკის „შახტარს“ ავარჯიშებდა და უკრაინის პირველობა 8-ჯერ მოაგებინა. ის „დინამოში“ 2020 წლის ზაფხულიდან მუშაობს. რუმინელმა კარიერაში 34-ე ტიტული მოიპოვა.
23-ე ტურში „შახტარი“ სტუმრად „ოლექსანდრიას“ შეხვდა და 0:2 წააგო. საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ დამარცხებულებში შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 14 წლის მანძილზე პირველად „შახტარმა“ ერთი ტიტულიც ვერ მოიგო.
