ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „ჩელსიმ“ ლონდონურ დერბიში სტუმრად „ვესტ ჰემი“ 1:0 დაამარცხა.
განვლილ მატჩში ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე გერმანელმა ფორვარდმა ტიმო ვერნერმა გაიტანა. მანამდე, მან მეტოქის კარი 14 თამაშში ვერ აიღო.
გერმანელმა სპეციალისტმა თომას ტუხელმა „ჩელსის“ თავკაცის რანგში სტუმრად ჩატარებული პირველი 10 თამაში არ წააგო – 8 გამარჯვება და 2 ფრე.
ტუხელი ლონდონელთა ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა.
ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ტუხელი მეორე მწვრთნელია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია – პირველი კლაუდიო რანიერია, რომელიც „ლესტერის“ დამრიგებლის რანგში 2015 წელს საწყის 10 მატჩში არ დამარცხებულა.
ტუხელის მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში “ჩელსიმ” 14 მატჩიდან 10-ში გოლი არ გაუშვა და გერმანელმა ლუის ფელიპე სკოლარის მიერ 2008-2009 წლებში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
