„სამგურალმა“ არსებობის ისტორიაში „დინამოს“ მეორედ მოუგო

0
14

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში ქობულეთის „შუქურასთან“ (0:1) გავარდნის შემდეგ, თბილისის „დინამო“ ამჯერად სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთან“ დამარცხდა.

სტუმრებს კორონავირუსის გამო  კვასხვაძე, სპორკსლედე, რადინი, ხვადაგიანი, კეიტა, მოისწრაფიშვილი აკლდნენ. მათ გარდა, სტუმრებს წყალტუბოში ბენიო, გაბედავა, იაშვილი ტრავმების გამო არ ახლდნენ.

44-ე წუთზე, „სამგურალის“  ნიგერიელმა ნახევარმცველმა ლუქმან გილმორმა ბურთი ბაქარ ქარდავას აართვა და საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ სერგო კუხიანიზე გაიყვანა, რომელმაც ომარ მიგინეიშვილა ახლო კუთხეში ოსტატური დარტყმით გაუტანა – 1:0.

სხვათა შორის, კუხიანიძეს ანგარიშის გახსნა მანამდეც შეეძლო, როდესაც მიგინეიშვილთან ერთი-ერთზე დარჩენილმა შორ კუთხეში დაარტყა, მაგრამ თბილისელთა მეკარემ გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.

მეორე ტაიმში კუხიანიძეს თბილისელთა კარის აღება ორჯერ შეეძლო, ხოლო ერთი რეალური მომენტი ირაკლი ლექვთაძეს ჰქონდა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე თორნიკე მორჩილაძის პასის შემდეგ, გიორგი ბუხაიძე „დინამოს“ მეკარესთან მარტო დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. მან გოლის გატანა მაისურის გახდით აღნიშნა, რის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

„სამგურალმა“, რომელსაც სოსო ფრუიძე წვრთნის, 1991 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ, „დინამო“ პირველად დაამარცხა. მაშინ, წყალტუბოელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

აქვე გეტყვით, რომ „სამგურალმა“ ამ სეზონის პირველ წრეში სტუმრად „დინამოსთან“ 1:1 ითამაშა. იმ შეხვედრაში გუნდს უჩა სოსიაშვილი ხელმძღვანელობდა.

„დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე თამაში წააგო – გიორგი ნემსაძის გაწვრთნილის გუნდის 6-მატჩიანი გამარჯვებთა სერია შეწყდა.