ინტერი ევროპალიგის ფინალში რეკორდით გავიდა

0
22

ევროპალიგის ფინალში სევილია მილანის ინტერს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ანტონიო კონტეს გუნდმა დავით ხოჭოლავას დონეცკის შახტარი გაანადგურა და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა.

უკრაინელებმა იტალიელებს წინააღმდეგობა ერთი საათის განმავლობაში გაუწიეს, როდესაც ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო. ლაუტარო მარტინესმა მე-19 წუთზე თავით მოახერხა საკუთარი გუნდის დაწინაურება. დონეცკელები ცდილობდნენ წონასწორობის აღდგენას, მაგრამ ვერ მოახერხეს.

მატჩის დასკვნით ნაწილში კი “ნერაძურიმ” გაილაღა. დანილო დ’ამბროზიომ სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც ლაუტაროს მე-2 გოლი მოჰყვა. მოედანი უგოლოდ არც რომელუ ლუკაკუს დაუტოვებია, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისივე მიღწევა – ზედიზედ 9 მატჩში გოლი ევროპალიგა/უეფას თასზე, კიდევ უფრო გააუმჯობესა.

ლომბარდიელებმა 5:0 იმარჯვეს და ეს რეკორდული მაჩვენებელია, რადგანაც ევროპა ლიგის ნახევარფინალში ასეთი სოლიდური სხვაობით არავის უმარჯვია. შახტარის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ და რიგ შემთხვევებში ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა მისი გუნდი განადგურებისგან ვერ იხსნა.

ინტერს 2019/20 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 111 გატანილი გოლი მოუგროვდა, რაც კლუბისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. მილანელები ევროთასის ფინალში ზუსტად 10-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდნენ და შანსი აქვთ ევროტიტული მოიპოვონ. აღსანიშნავია, რომ ბოლო იტალიური გუნდი, რომელმაც ეს გააკეთა, სწორედ ინტერია, რომელმაც 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სევილიასა და ინტერის ფინალური მატჩი 21 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება.