“ქართული სული” – გზა ევრობასკეტისკენ (ნაწილი XV)

0
71

გრძელდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი, სადაც ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ იმ მოთამაშეებს, რომელებმაც სხვადასხვა წლებში იასპარეზეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში და თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში. პროექტის, “ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ2021-მდე”  ამ ნაწილში გიამბობთ თორნიკე შენგელიას, მერაბ ბოქოლიშვილის, ოთარ ფხაკაძის, აკაკი დვალიშვილისა და გიორგი შარაბიძის სანაკრებო ამბებზე.

 თორნიკე შენგელია

კახა შენგელიას სანაკრებო დებიუტი 1995 წლის 8 ოქტომბერს შედგა, სლოვაკეთის ნაკრებთან 27 წუთი ითამაშა. სლოვაკურ მატჩამდე ზუსტად სამი დღით ადრე კახას შვილის დაბადების დღე ჰქონდა – პატარა თორნიკე 4 წლის გახდა.

– მამაჩემის თამაშს რომ ვუყურებდი, მეც კალათბურთელობა მინდოდა. თავადაც მსურდა მის კვალს გავყოლოდი. სხვათა შორის, დედაჩემიც კალათბურთელი იყო, თუმცა სპორტს მას შემდეგ შეეშვა, რაც მამაჩემი გაიცნო, – მოგვითხრობს თორნიკე შენგელია.

მამამ, კახა შენგელიამ სანაკრებო კარიერა 2001 წელს დაასრულა, თოკოს კი დებიუტი 7 წლის შემდეგ, 2008 წლის 6 სექტემბერს, ლუქსემბურგში ჰქონდა. მას მერე თორნიკე შენგელია ყოველწლიურად აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და დღეს ევროლიგის ტოპ-ფორვარდთაგანია.

მისი შეჩერება ევროპის საუკეთესო მცველებსაც უჭირთ. ამიტომაც იყო, ევრობასკეტი 2017-ზე ლიეტუველებს 29 ქულა რომ ჩაუგდო. სანაკრებო რეკორდი კი 31 ქულაა – 2016 წელს სლოვაკეთთან.

– მიზანსწრაფვა! ამ მხრივ ქართველები სამაგალითოები არიან, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ოჯახში, მეგობრობაში… დავაკვირდი იმასაც, რომ ქართველებს გულით უყვართ ყველა ადამიანი, ვინც მათ გარშემოა. სწორედ ამ თვისებების გამო თორნიკე შენგელია “ბასკონიასთვის” ძალიან ბევრს ნიშნავს, გუნდის შემკვრელია. იგი ნაკრებშიც ლიდერია, როგორც მოედანზე ისე მის მიღმა, – აღნიშნა “ლელოსთან” ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა, “ბასკონიაში” თორნიკეს თანაგუნდელმა მეტ ჯენინგმა.

მერაბ ბოქოლიშვილი

ჯერ კიდევ 2012 წელს აღნიშნავდა ბერძენი სპეციალისტი გიორგიოს კეცელიდისი: მერაბ ბოქოლიშვილი ახალგაზრდაა, თუმცა ეროვნული ნაკრებისთვის მზად არისო.

მერაბმა მხოლოდ 5 წლის შემდეგ ითამაშა ეროვნულ გუნდში: ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დიდი დრო მისცა მერაბს. საწყის ორ მატჩში სნაიპერული თვისებებიც გამოავლინა:

– ხუთში ოთხი სამიანი მქონდა გერმანიასთან და ოთხში სამი – სერბეთთან. კალათბურთელი ასე თამამად ვერ ითამაშებს თუ მწვრთნელის ნდობას ვერ გრძნობს. მერე უკვე შენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, როგორ შეასრულებ დაკისრებულ ამოცანას. ილიას ზუროსი მენდობოდა და ვცდილობდი ბოლომდე გამემართლებინა მისი იმედი.

მერაბმა ყველაზე მეტი, 12 მატჩი ითამაშა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევზე. იგი ნაკრებში 18-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

– 9 წლის ვიყავი, როდესაც “აკადემიაში” მაისურები პირველად დაგვირიგეს და 8 ნომერი ავირჩიე. მაშინ კობი ბრაიანტი თამაშობდა ამ ნომრით. წლებია, ნაკრებში 8 ნომრად გიორგი ცინცაძე ასპარეზობს. მინდოდა ზურგზე მეც რვიანი მწერებოდა და 18-იანი ჩავიცვი. სპორტსმენისთვის ნომერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ირჩევს თავის ნომერს, რითაც თავს კომფორტულად გრძნობს.

ოთარ ფხაკაძე

2013 წელს ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ამერიკული “ფეირმონტიდან” ოთარ ფხაკაძე მიიწვია.

ახალგაზრდა გამთამაშებელმა მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელ 12-კაციან განაცხადშიც შეიყვანა.

მანამდე იყო იტალიის საერთაშორისო ტურნირი…

– სანაკრებო დებიუტი იტალიაში მქონდა. პირველივე შეხვედრა დეტალებში მახსოვს. თავიდან ცოტას ვღელავდი, მაგრამ, როდესაც მოედანზე გადიხარ, მითუმეტეს ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორებიც ცინცაძე და მარკოიშვილი არიან, სანერვიულო არაფერია. კარგად ვითამაშე და მწვრთნელებისგან შექებაც დავიმსახურე.

ოთარი ნაკრებში 2014 წელსაც იყო და ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე 4 შეხვედრა გამართა, თუმცა მას მერე იგორ კოკოშკოვმა აღარ დაუძახა.

ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფხაკაძე სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებელია და ილიას ზუროსი საწვრთნელ შეკრებებზეც ხშირად უხმობს…

აკაკი დვალიშვილი

აკაკი დვალიშვილი თავის პირველ სანაკრებო შეკრებაზე 2012 წელს მოხვდა. ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის  სამზადისში, საქართველოს ნაკრები სლოვენიაში გადიოდა შეკრებას.

– ერთ-ერთ ვარჯიშზე, გიორგი ცინცაძეს წამოვეპარე და ბურთის ართმევამდე ერთი ნაბიჯიღა მრჩებოდა, თუმცა “ბუმ” ეს ინსტიქტურად იგრძნო და კორპუსით, მოხდენილი მოძრაობით ჩამომიშორა. ფიცარნაგზე წაქცეულმა კოჭის მცირე ტრავმაც მივიღე. ასეთი მონდომება ყოველთვის ფასდება, კოკოშკოვმა შესარჩევ ეტაპზე ნაკრების  12-კაციან განაცხადში ჩამრთო.

სათამაშო დრო კი, კაკის 2017 წლამდე არ ჰქონდა. მას მერე, რაც ფიბასა და ევროლიგის ხელმძღვანელობის შეუთანხმებლობის გამო ნაკრებს შერმადინისა და შენგელიას გარეშე მოუწია თამაში, დვალიშვილი სასტარტო ცენტრად იქცა. განსაკუთრებით ავსტრიული შეხვედრაა დასამახსოვრებელი, რომელშიც ცქიტიშვილმა და დვალიშვილმა მეტოქეებს ფარქვეშ შესვლის შანსი არ მისცეს.

გიორგი შარაბიძე

გიორგი შარაბიძე თორნიკე შენგელიასთან ერთად ესპანურ “ვალენსიაში” თამაშობდა. იგი ევროთასის ერთ შეხვედრაშიც გამოიყვანა მწვრთნელმა, თუმცა შარაბიძეს კარიერის ძირითადი ნაწილი საქართველოში აქვს გატარებული. “არმიასთან” ერთად ევროჩელენჯზე მეორე ეტაპზე გასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა.

საქართველოს ეროვნულ გუნდში მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 2011 წელს მიიწვია და ევრობასკეტზეც წაიყვანა, თუმცა არ უთამაშია. იქ ხომ კონკურენცია სეროზული იყო: წინა ხაზში თამაშობდნენ ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, ნიკა ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია.

შარაბიძეს, ისევე, როგორც ბევრ კალათბურთელს ყველაზე უკეთ ნაკრებში დებიუტი ახსენდება:

– პირველი შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გავმართე. დარბაზში უამრავი გულშემატკივარი მოვიდა და მეც ყველაფერი გამომივიდა – ორმაგი დუბლი შევასრულე, რაც, მატჩის შემდეგ მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა საგანგებოდ აღნიშნა.