ბითაძის ცხრა წუთი და თითო მოხსნა-პასი-დაფარება “ბრუკლინთან” გამარჯვებაში

0
35

“ინდიანა პეისერსმა”, რომლის ღირსებასაც 20 წლის ქართველი, გოგა ბითაძე იცავს, ნბა-ს ახალდაწყებულ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მიჯრით წაგებული 3 მატჩის შემდეგ ინდიანელები ნიუ იორკში “ბრუკლინ ნეთსს” შეხვდნენ და 118:108 დაამარცხეს. ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა, მაილს ტერნერმა პირველ პერიოდში კოჭი გადაიბრუნა და ათწუთიანი თამაშის შემდეგ მოედანზე აღარ გასულა, თუმცა ის სათამაშო დრო, რაც მისი არყოფნით ცენტრის პოზიციაზე გამოთავისუფლდა, ქართველ ცენტრზე არ გადანაწილებულა.

ბითაძე მოედანზე გავიდა, თუმცა მხოლოდ 8:32 წუთით. ქართველმა ცენტრმა ერთადერთხელ, არაზუსტად შეუტია და შეხვედრა თითო მოხსნა-პასი-დაფარებით დაასრულა. ტერნერმა მოედანზე ყოფნის პერიოდში 7 ქულის და 2 მოხსნის მითვლა მოასწრო, საუკეთესო შედეგი კი დომანტას საბონისმა დააფიქსირა – 29 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი,. 25 ქულა მიითვალა ჯერემი ლემბმა, მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზე კი 21 ქულა, 13 პასი და 8 მოხსნა დაგროვდა. ბრუკლინში ტრადიციულად საუკეთესო იყო კაირი ირვინი, რომელმაც ამჯერად 28 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

1 მოგებითა და 3 წაგებით “ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენციაში 11-13 ადგილებს იყოფს, შემდეგ მატჩი ბითაძის გუნდს 2 ნოემბერს, ინდიანაპოლისში, “კლივლენდ კავალიერზთან” ელის.