კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა ბათუმის “დინამომ”, რომელმაც 23-ე ტურში გასვლაზე გათამაშების აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო მთელი შეხვედრა ბათუმელების სრული უპირატესობით წარიმართა. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაიტანა. სტუმრებმა ანგარიში მე-10 წუთზე ჯამბულ ჯიღაურის მიერ გატანილი სადებიუტო გოლით გახსნეს. 27-ე წუთზე ორამდე უპირატესობა ვლადიმერ დვალიშვილმა გაზარდა. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში გატანილი გოლით თორნიკე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა.
ბათუმის “დინამოს” 43 ქულა დაუგროვდა და თბილისის “დინამოს” შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება.