ვლადიმერ ვაისი: “მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ”

0
41

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წლის მეორე ოფიციალურ შეხვედრას დღეს დუბლინში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩამდე ერთი დღით ადრე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში დუბლინში გამართული პირველი ვარჯიშის მსგავსად 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის საწყის 15 წუთს, ადგილობრივი და ქართული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ეროვნული გუნდის წევრმა, ვაკო გვილიამ პრესკონფერენცია გამართეს.

ვლადიმერ ვაისი: „ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ჩვენ არასდროს მოგვიგია მათ წინააღმდეგ, შევეცდებით, რომ ეს ისტორია შევცვალოთ და მოვიგოთ. დუბლინიდან ქულების წაღება გვსურს, მითუმეტეს, რომ  ჯგუფის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ფავორიტ, შვეიცარიასთან დავმარცხდით. ვნახოთ რა გამოგვივა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, როგორი თამაში გვჭირდება, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ.

ირლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ბუნებრივია, რომ გუნდის თამაშში გარკვეული ცვლილებები მოხდება. ეს ნორმალურია, რადგან ყველა მწვრთნელს საკუთარი იდეები აქვს. მაგალითად ერთა ლიგაზე ირლანდია 3 ან 5 მცველით თამაშობდა, ჩვენს წინააღმდეგ კი, ვფიქრობ, რომ მთავარი მწვრთნელი 4-4-2 სათამაშო სქემას აირჩევს. ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს კარგად ვიცნობთ, ისიც კარგად ვიცი რა შეუძლია ჩვენ გუნდს. ირლანდიელთა ყველაზე ძლიერი მხარე სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაცვაში ყურადღებით ვითამაშოთ.

დაცვის მარცხენა ფლანგი ნამდვილად პრობლემატურია ჩვენთვის. ტაბიძემ გასული თამაში კარგად ითამაშა, თუმცა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ის ვერც ირლანდიის წინააღმდეგ დაგვეხმარება. ამ ეტაპზე გუნდში, ნავალოვსკი და ხარაბაძე გვყავს. ვნახოთ როგორ წარმოაჩენენ ბიჭები თავს მატჩისწინა ვარჯიშზე. ჩვენ ისეთ ტაქტიკას შევარჩევთ, რომელიც უკეთესი იქნება ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ. მეტოქე ფლანგებიდან და სტანდარტულებიდან ძალიან სახიფათოა, აქედან გამომდინარე მოედანზე გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც მეორე სართულზე კარგად თამაშობენ.

ყველა მოთამაშე, რომელიც დუბლინში ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ჯანმრთელადაა, თუმცა ნავალოვსკისა და ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკის არქონის პრობლემა აქვთ. რაც შეეხება მერებაშვილს, მას მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და მზადაა, რომ მომავალ შეხვედრაში დაგვეხმაროს.

დუბლინის ავივას სტადიონი შესანიშნავია, საოცარი მინდვრით და გულშემატკივრებით. მე უკვე მესამედ ვიმყოფები აქ, ერთხელ საქართველოს ნაკრებთან ერთად, ერთხელ კი, სლოვაკეთთან ერთად. ჩემდა სამწუხაროდ, ირლანდიის დამარცხება ვერც ერთ შემთხვევაში მოვახერხე და როგორც უკვე გითხარით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისტორია შევცვალო.

რა თქმა უნდა, მომავალ წელს კარგი შანსი გვექნება, რომ ქართული ფეხბურთისთვის განსკუთრებულ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ახლა გვაქვს გასამართი და ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.  მომავალ მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინთ, უნდა ვაჩვენოთ კარგი ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ“.

ვაკო გვილია: „რა თქმა უნდა, ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დავიწყეთ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. შვეიცარიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ბრძოლა გრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირლანდიიდან სამი ქულა წავიღოთ და ჩვენთვის უსიამოვნო ისტორია დავასრულოთ”.