ევროპული კლასიკა – გერმანიამ ჰოლანდიას ბოლო წუთზე მოუგო

0
42

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ჰოლანდიამ გერმანიას უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. გერმანელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყეს. მათ ჰოლანდიის დამარცხება 7-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლეს.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, ლეროი სანემ შულცის გადაცემით ისარგებლა და გერმანელები დააწინაურა.

ჰოლანდიას გათანაბრების ძალიან კარგი შანსი მიეცა, თუმცა რაინ ბაბელის დარტყმა მანუელ ნოიერმა მოიგერია.

გერმანელებმა ტაიმის მიწურულს ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. გნაბრიმ ჰოლანდიელებს ეფექტური გოლი გაუტანა – 0:2.

ჰოლანდიამ მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება. მატიას დე ლიხტმა დეპაის გადაცემით გაიტანა – 1:2.

კუმანის გუნდმა გათანაბრება პირველი გოლიდან 15 წუთში შეძლო. მემფის დეპაიმ საგოლე გადაცემის შემდეგ გოლითაც გამოიჩინა თავი – 2:2.

გერმანიამ მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა. შეხვედრის ბედი ჰოფენჰაიმის ფეხბურთელმა, ნიკო შულცმა გადაწყვიტა, რომელმაც ცვლილებაზე შემოსული მარკო როისის გადაცემით ისარგებლა და ჰოლანდიელებს მესამე გოლი გაუტანა. გერმანიამ შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა და ერთა ლიგაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.