საქართველო “რაგბი ევროპის” ჩემპიონია!

0
126

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

 

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე მოიგეს. მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეოთხე რაუნდში გერმანიას ბონუსით, 52:3 სძლიეს და მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდნენ.

ჩვენი გუნდისთვის ეს ტურნირის არსებობის ისტორიაში მე-11 ტიტულია, მერვე უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში. თუმცა წინ კიდევ ერთი თამაშია, 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან და ბორჯღალოსნები მე-8 სლემის (ყველა თამაშის მოგება) შესრულებას ეცდებიან.

დუგლას კავთელაშვილის უკვდავსაყოფად
მატჩის დღეს საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დასავლეთის ფილიალს ქართული რაგბის ღვაწლმოსილი მორაგბისა და მწვრთნელის, დუგლას კავთელაშვილის სახელი მიენიჭა, რომელიც 72 წლის ასაკში ამა წლის თებერვალში გარდაიცვალა.

მატჩის დაწყებამდე ქუთაისური რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებლის ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მორაგბეებმა და გულშემატკივრებმა.

ნიშანდობლივია, რომ მატჩის-დღე ქუთაისში მზიანი გამოდგა და მაღალი დონის, საერთაშორისო შეხვედრებს დანატრებულმა ქომაგმა ტრიბუნები სრულად შეავსო. ბილეთები სრულად ჯერ კიდევ წინა დღეს გაიყიდა და გულშემატკივარმა გულმხურვალედ უქომაგა ბორჯღალოსნებს, რომელთაც თავის მხრივ მადლობა ლაღი და ლამაზი თამაშით გადაიხადეს.

საგულისხმოა, რომ დღეს მოედანზე მრავლად იყვნენ ქუთაისის ‘აიას’ აღზრდილი მორაგბეები და მათ განსაკუთრებით კარგად ითამაშეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მირიან მოდებაძე, რომელმაც სამი ლელო გაიტანა და მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. მოდებაძე მერვე ბორჯღალოსანია, რომელმაც ერთ მატჩში სამი ლელოს გატანა მოახერხა. აქამდე ეს მამუკა გორგოძემ (სამჯერ), არჩილ ქავთარაშვილმა, პალიკო ჯიმშელაძემ, მახო ურჯუკაშვილმა, დავით დადუნაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ და გიორგი კვესელაძემ შეძლეს.

მშობლიურ ქალაქში ასევე კარგი თამაში ჰქონდა ოთარ გიორგაძეს, რომელმაც გერმანელთა დაცვა არაერთხელ აიკლო და მეტოქეს უზარმაზარი, გადაუჭრელი პრობლემები შეუქმნა. ქუთაისელი, ან ქუთაისური რაგბის სკოლის აღზრდილები არიან გიორგი ნემსაძე, თედო აბჟანდაძე, ზურაბ ჟვანია, ბექა გიგაშვილი და თორნიკე მატარაძე, რომლებმაც დღევანდელ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

თავბრუდამხვევი დასაწყისი
ბორჯღალოსნებმა მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზეს და 5 წუთში ორი ლელო გაიტანეს. ხელდახელ შეტევებით პრაქტიკულად ყველა ჯერზე იჭრებოდა ხაზი და სტუმრები გადაწყობას ვერ ასწრებდნენ. პირველ წუთზე მარჯვენა ფრთაზე ჯერ გიორგი ცუცქირიძე გაიქცა, ორი ფაზის შემდეგ მირიან მოდებაძე და ‘აიას’ აღზრდილმა მორაგბემ, მშობლიურ სტადიონზე ლელოთი გახსნა ანგარიში.

განახლდა თუ არა შეხვედრა, ბურთი სწრაფად უკვე მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა, სოსო მათიაშვილმა ის ფეხით ლელოში შეაცურა, ლაშა ხმალაძე მიყვა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო გელა აფრასიძემ ორივე გარდასახა – 14:0. სტუმრებმა  ჯარიმით მალევე შეხვედრის ერთადერთი 3 ქულა აიღეს, მერე კი ბორჯღალოსნები მეტოქის ნახევარზე დაბრუნდნენ, 22-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და შალვა მამუკაშვილმა მესამე ლელო გაიტანა, ხოლო აფრასიძემ ესეც გარდასახა.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ გერმანელებმა შეძლეს ჩვენს ნახევარზე დამკვიდრება და დიდი დრო 22-ში, 5-მეტრიან წყვეტილთან გაატარეს. მათი შეტევების ჯარიმების ხარჯზე მოგერიების გამო, ზურაბ ჟვანიას მოედნის 10 წუთით დატოვებაც მოუწია, თუმცა მასპინძლებმა ამ გამოწვევას ღირსეულად გაუძლეს და გაწითლებულ დროზე მეოთხე ლელოც უნდა გასულიყო, მაგრამ ბექა საღინაძეს პირველ სანაკრებო ლელომდე სანტიმეტრი დააკლდა.

5 ლელო მეორე ტაიმში
შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნებს ინიციატივა აღარ დაუთმიათ და კიდევ ხუთი ლელო გაიტანეს. პირველ ჯერზე ლაშა მალაღურაძემ, რომელმაც დღეს 90-ე კეპი მოიხვეჭა, პასი სისწრაფეში, კარის წინ 10-12 მეტრში მიიღო და ხაზი გაარღვია. მალაღურაძემ 2015 წლის მსოფლიო თასზე, ნამიბიასთან გატანილი ლელოს შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა და მიზანს ამჯერადაც იმ სტილში უწია.

მერე მოდებაძის ჯერი დადგა, რომელმაც ჯერ გიორგაძის გარღვევის შემდეგ მიიღო ფრთაზე გადაცემა და სამ მცველს ცრუმოძრაობებით გასცდა, ხოლო ტაიმის შუაში კვლავ ოთიას გარღვევის შემდეგ, მალაღურაძის პასი მაღალ სიჩქარეში აიღო და ვეღარავინ დაეწია. აფრასიძემ პირველი ორი ლელო გარდასახა, მესამე კი ძელს გაარტყა – 40:3.

მატჩის განახლებისთანავე ფრთაზე ცუცქირიძემ გაინავარდა და დაახლოებით 40-50 მეტრი ირბინა, საქმეში მერაბ შარიქაძე ჩაერთო და შეცვლაზე იმ წუთის შესულ ვასილ ლობჟანიძეს ლელო გაატანინა, ხოლო გარდასახვა ამჯერად სოსო მათიაშვილმა შეასრულა. სულ ბოლოს ჩვენი 22-იდან შეტევა ბურჯებმა წამოიწყეს, ლევან ჩილაჩავამ და გიორგი მელიქიძემ ტანკებივით იარეს, დავით კაჭარავამ ხაზი გაჭრა და გუნდის კაპიტანმა შარიქაძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 52:3.

„ნაადრევი ჩემპიონობა არაფერს ცვლის“
ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ ნაადრევი ჩემპიონობა არაფერს ცვლის: „ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან წინ რუსეთთან მატჩია და მასთან გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს“.

მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი სხვაობით გამარჯვებისა, ეპიზოდებით უკმაყოფილო დარჩა: „როდესაც ვნახეთ, რომ რუსეთმა რუმინეთთან წააგო და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობის დაბევების შანსი გაგვიჩნდა, ამაზე ფიქრი დავიწყეთ და საბოლოოდ ასეც მოხდა. კარგი თამაში მოვიგეთ, მაგრამ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბურთის ფლობა და ტერიტორია ორივე ტაიმში 50-50% გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტებში ყველაფერს კარგად ვერ ვაკეთებდით, თუმცა იყო შესანიშნავი მომენტები და ლამაზი ლელოებიც გავიტანეთ“.