გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი ევროლიგაში. წინა კვირაში სერბული “მეგა ბიმაქსიდან” მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტში” გადასულმა 19 წლის ქართველმა ცენტრმა დღეს ევროლიგაში ითამაშა და 23:14 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და ჩაჭრა მოაგროვა. მონტენეგროული გუნდი გერმანიაში ევროლიგის საპლეიოფო ზონაში მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდა და დიდი წინააღმდეგობა გაუწია. “ბუდუჩნოსტი” თითქმის მთელი საწყისი 3 პერიოდი იგებდა, თუმცა მასპინძლებმა ბოლო პერიოდი 10 ქულით მოიგეს და საბოლოოდ 93:88 გაიმარჯვეს.
მხოლოდ ეს მარცხი აუფერულებს ოდნავ ბითაძის ქებულ გარჯას, რომელმაც ევროპის უძლიერეს ლიგაში, პირველსავე მატჩში ზემოთხსენებული სოლიდური შედეგი აჩვენა. ბითაძეზე უკეთესი შედეგი “ბუდუჩნოსტში” მხოლოდ ნორის კოულს ჰქონდა, რომელსაც ნბა-ს გუნდებში წლები უთამაშია და დღევანდელ მატჩში 27 ქულა და 6 პასი მიითვალა. სარგებლიანობის კოეფიციენტიც კოულს ყველაზე მეტი – 30 ჰქონდა, რის შემდეგაც 22 ერთეულით პოდგორიცელთაგან გოგა ბითაძე მოდის.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ძირითად ცენტრზე, სლოვენიელ ალენ ომიჩზე მეტი დრო გაატარა. 23:14 წუთი გოგამ და 9-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ბითაძემ მატჩში უმეტესი 4 დაფარება მიითვალა, “ბუდუჩნოსტის” ძირითადში მყოფმა ალენ ომიჩმა კი 16 წუთში 6 ქულა მოაგროვა.
3 მოგებით და 12 მარცხით “ბუდუჩნოსტი” 16-გუნდიან ევროლიგაში მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 3 იანვარს, მილანში “არმანისთან” გამართავს.