გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია

0
36

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.  შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის, “ანდორას” წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა და “უნიკახას” გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა იმ მატჩში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.
ის საუკეთესოებში მოხსნების მხრივ მოხვდა, სხვა რჩეულები კი ხავიერ ბეირანი (“იბეროსტარ ტენერიფე”, სარგებლიანობის კოეფიციენტი 32), ჯონი ბერჰანემესკელი (“სარაგოსა”, 22 ქულა), ტომას ერტელი (“ბარსელონა”, 9 პასი) და უსმან გარუბა (“რეალი”, 3 დაფარება) არიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე მალაგელებმა ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბს 95:84 სძლიეს, ჩვენებურმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:53 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.
გიორგიმ რვავე (!) ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სრულიად ტურში, შერმადინი მხოლოდ ხსენებულ ბეირანს ჩამორჩა, რომლის მაჩვენებელიც 32 პუნქტი გახლდათ.
ვთქვათ ისიც, რომ “უნიკახა” 7 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, შინ, “მურსიასთან” გამართავს.