ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 17 ნოემბერს სამოასთან გასამართი თიბისი რაგბის სერიების ტესტისთვის 23-კაციან განაცხადში სამი დებიუტანტი შეიყვანა – თედო აბჟანდაძე მოედანზე პირველივე წუთებიდან გავა, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან.
უცვლელი შერკინებით
10 ნოემბერს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ნათამაშები შემადგენლობიდან მილთონ ჰეიგმა შერკინება უცვლელი დატოვა: პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძეს და დუდუ ქუბრიაშვილს ვიხილავთ; მეორეში ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ლომიძე შეწყვილდებიან; ხოლო მესამე ხაზში ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაირჯებიან.
ორი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა ხაზში. სოსო მათიაშვილი იტალიასთან მატჩში დაშავდა, სამოას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და ფულბეკად ლაშა ხმალაძე გადაინაცვლებს, რომელიც ამპლუით მგეზავია. 10 ნომრის პოზიციაზე 19 წლის თედო აბჟანდაძე დადგება, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება. ცენტრში კვლავ თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის დუეტს ვიხილავთ, ფრთაზე თავის მესამე კეპს მოიხვეჭს ზურაბ ძნელაძე, ხოლო მეორე ფრთაზე გიორგი კოშაძის ნაცვლად გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ, რომელმაც ფლორენციაში შეცვლაზე ითამაშა.
ორი დებიუტანტი მარქაფაში
სამი ახალი სახეა მარქაფაში და ორი მათგანი დებიუტანტია. ორივე ბურჯია: 26 წლის ბექა გიგაშვილი ‘გრენობლთან’ ერთად ტოპ 14-ში წელს აღზევდა, პირველსავე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი ლელო გაიტანა და ორჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. ტოპ 14-ში პირველ სეზონს ატარებს 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც აბჟანდაძის დარად თავი უმცროს ბორჯღალოსნებში (20-წლამდელები) თამაშით გამოიჩინა, პარიზულ კლუბში თბილისის ‘ლოკომოტივიდან’ წელს გადავიდა, ახალ გუნდში სწრაფადვე დამკვიდრდა და ტოპ 14-ის 7 მატჩის გარდა, ორჯერ ჩემპიონთა თასზეც ითამაშა.
კვაჭის პოზიციაზე თადარიგში ამჯერადაც შალვა მამუკაშვილია, მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილი, ხოლო მესამეში ბექა ბიწაძე შევა. 9 ნომრის შეცვლა გელა აფრასიძეა, ცენტრში ლაშა მალაღურაძე გამოჩნდება, ხოლო კიდევ ერთი უკანახაზელი ანზორ სიჭინავაა, რომელსაც იტალიასთან არ უთამაშია.
დებიუტანტების გარდა, სამოასთან მატჩი ღირშესანიშნავი კიდევ ოთხი ბორჯღალოსნისთვისაა: თამაზ მჭედლიძე სამოასთან 50-ე კეპს მოიხვეჭს, შალვა მამუკაშვილი მე-60-ეს, ხოლო სიჭინავასთვის და აფრასიძესთვის ეს მე-10 სანაკრებო თამაში იქნება.
საქართველოს ბორჯღალოსნები
– სამოა | შემოდგომის II ტესტი
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 |
67 |
8ლ 4გ [48 ქ] |
14 | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 12 | 3ლ |
13 | მერაბ შარიქაძე^კაპ | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 58 | 11ლ [11 კაპ] |
12 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 49 | 7ლ სბ |
11 | ზურაბ ძნელაძე | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1992 | 2 | : |
10 | თედო აბჟანდაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1999 | 0 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ პრო დ2] | 1996 | 37 | 5ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 52 | 2ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | სან’ვულვზ [იაპ ზე 15] | 1987 | 52 | 2ლ 3სბ |
3 | დუდუ ქუბრიაშვილი | გრენობლ [სფრ ტოპ 14] | 1986 | 46 |
2ლ წბ 2სბ |
4 | ნოდარ ჭეიშვილი | ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ] | 1990 | 16 | : |
5 | ლაშა ლომიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1992 | 42 | 6ლ + 2შ სბ |
6 | ოთარ გიორგაძე | ბრივ [სფრ პრო დ2] | 1996 | 15 | 2ლ |
7 | გიორგი ცუცქირიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1996 | 11 | 2სბ |
8 | ბექა გორგაძე |
ბორდო [სფრ ტოპ 14] |
1996 | 12 | 5ლ სბ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | ანზორ სიჭინავა | ბათუმი [საქ დ 10] | 1995 | 9 | 3ლ სბ |
22 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 88 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
21 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 9 | : |
16 | შალვა მამუკაშვილი | ენისეი [რუს სუპერ] | 1990 | 59 | 5ლ სბ |
17 | გურამ გოგიჩაშვილი | რასინგ [სფრ ტოპ 14] | 1998 | 0 | : |
18 | ბექა გიგაშვილი | გრენობლ [სფრ ტოპ 14] | 1992 | 0 | : |
19 | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 70 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
20 |
ბექა ბიწაძე | ნარბონ [სფრ ფედ1] | 1991 | 27 |
6ლ + 3შ |