საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ გიორგი ქვილითაიას ბრიუსელის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ლატვიასთან მატჩისწინა ვარჯიშზე მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ქვილითაია ბელგიაში გაემგზავრა, ოპერაციის შემდეგ კი instagram-ის story-ზე ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: ”ოპერაციამ კარგად ჩაიარა ! ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის ! თქვენ მე მაძლიერებთ ! ”
შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდი ლატვიასთან მატჩის დღეს გიორგი ქვილითაიასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: ”საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. გიორგი ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს.
ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.”
ქვილითაიამ ”გენტის” მაისურით სადებიუტო მატჩი 26 აგვისტოს ბელგიის ჩემპიონატში ”ლოკერენის” წინააღმდეგ ჩაატარა. 87-ე წუთზე ქვილითაია ჩაერთო თამაშში და ამავე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქვილითაიამ ”გენტის” მაისურით მეორე მატჩი ევროპა ლიგაზე ჩაატარა. 24 წლის თავდამსხმელმა”ბორდოს” წინააღმდეგ 21 წუთი ითამაშა. ბელგიური გუნდი დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზე ფრანგული გუნდი გავიდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მესამე მატჩი ბელგიის ჩემპიონატში ჩაატარა. ”სერკლ ბრიუგე” შინ 0:3 დამარცხდა ”გენტთან.” ქვილითაია 85-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და პირველ დამატებულ წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ”გენტის” ხორვატი მეკარის, ლოვრე კალინიჩის შორეული გადაცემის შემდეგ ქვილითაია დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და შანსი გამოიყენა.