რეგიონალური ფედერაციების განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამა

0
5

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ რეგიონალური ფედერაციების განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა მოიცავს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონს და იგი ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო პროგრამის დაწყებამ ერთი წლით გადაიწია.

ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა პროგრამის მონაწილე ნაკრების მწვრთნელებთან და საკალათბურთო საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს რეგიონებს ეწვევა, სადაც მოზარდ კალათბურთელებს სპეციალური ვარჯიშები ჩაუტარდებათ და ადგილობრივ ფედერაციებს, მწვრთნელებს და მოთამაშეებს შესაბამისი ინვენტარი და ეკიპირება გადაეცემათ.

პროგრამის განხორციელება შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან დაიწყო. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული პროგრამის მონაწილეებთან ერთად ხაშურს ესტუმრა, სადაც ახალ სპორტკომპლექსში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საკალათბურთო აქტივობები.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა – მილოშ გლიგორიევიჩმა და ანატოლი ბოისამ შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდა კალათბურთელებს საკალათბურთო ვარჯიშები ჩაუტარეს. ადგილობრივ მწვრთნელებთან და მოთამაშეებთან ერთად ხაშურის სპორტკომპლექსში თავი მოიყარეს გორისა და კასპის წარმომადგენლებმა. ვარჯიშებს დაესწრო შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ ხაჩიური.

ადგილობრივ ფედერაციას შიდა ქართლის საკალათბურთო სკოლებისთვის გადაეცა სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სახელმძღვანელოები და სხვა სპორტული ატრიბუტიკა. ვარჯიშების მონაწილე 130-ვე მოზარდს გადაეცა სავარჯიშო ფორმები და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული წლის შემაჯამებელი ჟურნალი.

საჩუქრები და სპორტული ატრიბუტიკა შიდა ქართლის საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა – ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერებმა და მწვრთნელთა კავშირის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ვარჯიშებს დაესწრო ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები. ღონისძიების დასრულების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუმრებთან ერთად, სპორტ-კომპლექსის ეზოში, ცაცხვის ნერგები დარგეს.

პროგრამა მალევე სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა და პროგრამის მონაწილეები ახალციხეს ესტუმრნენ, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში რეგიონის საკალათბურთო სკოლების მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან შეხვედრა გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში ახალციხელ და ბორჯომელ მოზარდებს ვარჯიშები ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა – მილოშ გლიგორიევიჩმა და დიმიტრი ჯაკობოვმა ჩაუტარეს. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებს ესაუბრნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და კალათბურთის ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ფედერაციის წარმომადგენელი გიორგი ბეროშვილი და სასპორტო სკოლის დირექტორი გრიგორ ტაბატაძე ესწრებოდნენ.

შიდა ქართლის რეგიონის მსგავსად, სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ საკალათბურთო სკოლებს შესაბამისი ინვენტარი და ეკიპირება გადაეცათ. ვარჯიშებში 80-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც სავარჯიშო ფორმები და სათამაშო ბურთები დაურიგდათ.

რეგიონალური ფედერაციების განვითარების პროგრამის განხორციელება სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ გაგრძელდება.