თსუ-ს წარმატებული სერია გრძელდება. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში გამართული მატჩებიდან მხოლოდ ერთი წააგო, ხოლო აქტივში 6 მოგება აქვს. მეექვსე გამარჯვება უნივერსიტეტელებმა სუპერლიგის დებიუტანტ “მეგასთან” მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებით იყო შესუსტებული, თსუ-მ მაინც მოახერხა გამარჯვების ისე მოპოვება, რომ არ ენერვიულა.
ტრავმის გამო თსუ-ელებს გიორგი ცინცაძე კარგა ხანია, აკლიათ. დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ნიკოლოზ დარბაიძემ, მაიზერ რევაზაშვილმა, რაილ ოუენსმა. ლაფანაშვილის გუნდში 7-მა კალათბურთელმა ითამაშა, რომელთაგან 2 მოედანზე 9 წუთზე მეტით არ გამოჩენილა.
პირველი პერიოდი თსუ-მ 35:20 მოიგო და დარჩენილ დროში ამ უპირატესობას ინარჩუნებდა. მეგას მოთამაშეები ცდილობდნენ ჩამორჩენის შემცირებას, რაც პერიოდულად კარგად გამოსდიოდათ, თუმცა საბოლოოდ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, მეტოქესთან 5 ქულით მიახლოება იყო. ეს მოხდა ბოლო პერიოდში, თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე და მეგას თამაშის გადასარჩენად საკმარისი დრო ჰქონდა. აქ კი თავი თსუ-ს ლეგიონერებმა – პაპ დიოპმა, ჯეიმი ჯონსონმა და ლოველ ქაბილმა გამოიჩინეს, რომლებმაც შედეგიანი თამაშით თსუ-ს კვლავ ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაუბევეს და თამაშის ბედიც გადაწყვიტეს.
უნივერსიტეტელებმა საბოლოოდ 88:77 იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 25 ქულისა და 8 პასის მომხვეჭ ლოველ ქაბილს ეკუთვნის. 20 ქულა ჯეიმი ჯონსონმა მიითვალა, ხოლო პაპ დიოპმა და მიხელ ბერიშვილმა 14-14 ქულა მოაგროვეს. ბერიშვილმა ასევე 10 მოხსნა და 5 პასიც მოინაგრა. “მეგაში” 22 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 17-17 ქულა ტაილერ კორბინმა და დემონტე ფლანიგანმა მიითვალეს.
| ა | გუნდი | მ/წ | ქ |
|---|---|---|---|
| 1. | ქუთაისი | 7/0 | 14 |
| 2. | ვერა | 6/2 | 14 |
| 3. | თსუ | 6/1 | 13 |
| 4. | ოლიმპი | 5/2 | 12 |
| 5. | ცხუმ-აფხაზეთი | 3/4 | 10 |
| 6. | ტიტები | 3/4 | 10 |
| 7. | ბათუმი | 3/4 | 10 |
| 8. | კაკტუსი | 2/6 | 10 |
| 9. | მეგა | 2/6 | 10 |
| 10. | რუსთავი | 2/5 | 9 |
| 11. | დინამო | 1/6 | 8 |





