საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. მე-6 ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილები სტუმრად უკრაინას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. უკრაინელებთან მეცამეტედე ვითამაშეთ – 5-ჯერ წავაგეთ, ხოლო 8 თამაში ფრედ დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში გამოსვლა მოგებისა და გატანილი გოლის გარეშე დაასრულა. მეტიც, ერთა ლიგის ოთხი ლიგაში საქართველო ერთადერთია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი უგოლოდ დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა თითო ქულა სახლში უკრაინასთან (0:0) და სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:0) მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა გოლი ზედიზედ ექვს ოფიციალურ თამაშში ვერ გაიტანა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. მანამდე, ყველაზე ცუდი სერია 2013 წელს იყო, როცა მეტოქეთა კარი მიჯრით 4 თამაშში ვერ ავიღეთ.
მთავარმა მწვრთნელმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა შეარჩია: დაცვის ცენტრში საბა გოგლიჩიძე და ლუკა ლოჩოშვილი შეწყვილდნენ, მარჯვენა მცველად ოთარ კაკაბაძე მოქმედებდა, მარცხენა – ირაკლი აზაროვი. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდნე. მარჯვენა გარემარბი ზურიკო დავითაშვილი იყო, მარცხენა – გიორგი კვერნაძე. გამოკვეთილ თავდამსხმელად გიორგი მიქაუტაძე ირჯებოდა.
მატჩის 58-ე წამზე დავითაშვილმა თავის ნახევარზე ბურთი სიკანს „ჩააბარა“, რომელმაც საჩუქრით კარგად ისარგებლა და დაახლოებით 18 მეტრიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
22-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური ჩააწოდა და ქოჩორაშვილის დარტყმის მერე, ბურთი ზედა ძელს მოხვდა. თუმცა, ამ ეპიზოდში მსაჯმა ლოჩოშვილის მხრიდან წესის დარღვევა დააფიქსირა. ხუთ წუთში ჩვენს მიერ შესრულებული კიდევ ერთი კუთხურის მერე, უკრაინელის მცველის თავიდან ბურთი შორეულ ძელთან მდგომ მიქაუტაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
42-ე წუთზე კვერნაძე მარცხენა ფლანგზე ზაბარნის გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ რიზნიკმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. მე-60 წუთზე გოგლიჩიძემ მასპინძლების ნახევარზე უკრაინელ ფეხბურთელს აართვა ბურთი, რომელიც ჩაკვეტაძეს მიუვიდა – ეს უკანასკნელი ერთ მეტოქეს გაცდა და დაარტყა, თუმცა, რიზნიკი ბურთს დაეუფლა. ცოტა ხანში, უკრაინელთა საჯარიმიშო მყოფმა მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთს მატვიენკო გადაეფარა.
66-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან აზაროვმა საჯარიმოშ ჩააწოდა და კაკაბაძის დარტყმის მერე, რიზნიკმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა, ხოლო აზაროვის დარტყმული ისევ მასპინძლების მეკარემ გაანეიტრალა.
70-ე წუთზე უკრაინელი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგიდან აწოდებდა და გოგლიჩიძის ფეხიდან კარში წასული ბურთი მამარდაშვილმა კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სარაპიმ დაარტყა და მამარდაშვილმა გვიხსნა. 82-ე წუთზე მსაჯმა გაგნიძეს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და გააძევა. თუმცა, ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. 84-ე წუთზე თამაშში გიორგი მოისწრაფიშვილი ჩაერთო, რომლისთვის განვლილი თამაში სადებიუტო აღმოჩნდა.
90-ე წუთზე ლოჩოშვილი მეტოქე ფეხბურთელს ეუხეშა და მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, რასაც ჩვენი მცველი ემოციურად შეხვდა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად „წითელში“ გადაიზარდა. მატჩის მიწურულს თამაშში გიორგი გაგუა ჩაერთო, რომელსაც ასევე დებიუტი ჰქონდა.
პარალელურად გამართულ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდია სტუმრად უნგრეთს დაუზავდა და 12 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ A ლიგაში ავტომატურად აღზევდა. უნგრეთი 11 ქულით მეორეა და პლეი-ოფში A ლიგის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასულ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან ან მე-3 ადგილზე გასული ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება. უკრაინა 7 ქულით მესამეა და B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრები მომავალი წლის გაზაფხულზე B ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში C ლიგის ჯგუფებში ერთ-ერთ მეორეადგილოსანს პლეი-ოფში დაუპირისპირდება.
უკრაინა – საქართველო 1:0 (1:0)
17 ნოემბერი. კოშიცე. „არენა კოშიცე“.
უკრაინა: რიზნიკი, სარაპი, ზაბარნი, მატვიენკო (კ), მიკოლენკო, ნაზარინა, სინჩუკი (კაშჩუკი, 64), იარმოლიუკი, სიკანი (იარემჩუკი, 64), სუდაკოვი, კრასნოპირი (ოჩერედკო, 57).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეა მალდერა.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (კ) (მაისურაძე, 90), გოგლიჩიძე, აზაროვი, ლოჩოშვილი, გაგნიძე (მოისწრაფიშვილი, 84), ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (ზივზივაძე, 56), ჩაკვეტაძე (გაგუა, 90), კვერნაძე, მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: 1:0 სინჩუკი (1)
გაფრთხილება: კრასნოპირი (53), კაკაბაძე (62), ლოჩოშვილი (71), ქოჩორაშვილი (73), გაგნიძე (75), ლოჩოშვილი (90).
გაძევება: ლოჩოშვილი (90).
მთავარი მსაჯი: მარტინ მატოშა (სლოვენია)
ლაშა თაბაგარი





