17-წლამდელები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ

0
1

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის A ლიგის მეორე რაუნდში გავიდა.
ჩვენმა გუნდმა მე-14 ჯგუფში პირველი შეხვედრა ავსტრიელ თანატოლებთან 0:0 დაასრულა, ხოლო დღეს ყაზახეთთან 1:1 ითამაშა.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის 42-ე წუთზე დემეტრე ქურასბედიანის გადაცემის შემდეგ, ანგარიში ანდრია ოჩგავამ გახსნა. 87-ე წუთზე საპასუხო ბურთი ალი სადრიბაევმა გაიტანა.
ყაზახეთი, რომელმაც პირველ თამაშში ავსტრია 7:0 დაამარცხა, 4 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველომ 2 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა. ავსტრია 1 ქულით ბოლოა.
17-წლამდელთა ევროშესარჩევის პირველ რაუნდში 54 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 14 მინი-ტურნირში ითამაშებენ. მინი-ტურნირების შედეგების მიხედვით, ჯგუფების 14 გამარჯვებული და 14 მეორეადგილოსანი A ლიგის მეორე რაუნდში ითამაშებს, ხოლო დარჩენილი 26 გუნდი B ლიგაში იასპარეზებს.
A ლიგის გუნდები მომავალ წლის გაზაფხულზე ფინალური ეტაპის 7 საგზურს გაითამაშებენ, ხოლო ერთი საგზური ავტომატურად მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლატვიას ეკუთვნის. ევრო 2027 24 მაისიდან 6 ივნისამდე ჩატარდება და 2027 წელს კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევსაც წარმოადგენს.
ლაშა თაბაგარი