რამაზ სვანაძე: “გამოსავალი არის მოგება”

0
1

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს არსებული სიტუაციიდან სასწრაფი გამოსავლად გამარჯვება მიაჩნია. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთთან 0:2 მარცხის მერე განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “მეორე ტაიმში უნგრეთმა მოუმატა ტემპს, თუმცა ბევრი ხიფათი არ შექმნილა ჩვენს კართან. ვეცადეთ, რომ სტანდარტულები დაგვებალანსებინა, რამდენიმე ფეხბურთელმა სწორედ ამის გამო ვერ დაიწყო სასტარტოში. თამაშის პროცესში სტანდარტულების შეცვლა რთულია. პირველი გოლი გავუშვით სტანდარტულიდან, რაც მე ვარ მწვრთნელი. წაგება უფრო კონცენტრაციის ნაკლებობისა და უყურადღებობის ბრალია.
პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი ბევრი არაფერი იყო, ასეთი კარგი პირველი ტაიმი დიდი ხანია ჩვენს ნაკრებს არ ჰქონია. სამწუხაროა და წარმოუდგენელია, რომ გოლი ვერ გაგვაქვს. განსხვავებით წინა თამაშებისა, მომენტების სიმწირე ამ თამაშში ნამდვილად არ გვქონია. ორი მომენტი გვქონდა, როცა ორი ერთზე ვიყავით და აუცილებლად გოლით უნდა დაგვესრულებინა. პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენშია და ვეცდებით ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.
აქედან გამოსავალი არის მოგება და რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ, ფსიქოლოგიური მხარე ამ კუთხით არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თითქოს რწმენა დავკარგეთ. ამას ემატება ისიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, რომელთან ერთადაც თამაში უფრო სხვანაირი იქნებოდა. ფეხბურთელებს საშემსრულებლო ოსტატობა ნამდვილად არ აკლიათ. ცუდი პერიოდი გვაქვს, არ ვიცი, რას დავაბრალო. იმედი მაქვს, რომ 3 დღეში ეს სერია გამოსწორდება. უფრო მეტად ფსიქოლოგიური მომენტია ამის ბრალი, თორემ ხარისხობრივად ჩემს ფეხბურთელებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.
ცვლილელები არ ვიცით ჯერ, ფეხბურთელების მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. კიდევ ერთ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. ვეცდებით, რომ შემოვატრიალოთ ის პროცესი თუ სიტუაცია, სადაც ვართ. პირველ რიგში, უნდა გავაკეთოთ ის, რომ ვაღიაროთ, რა ეტაპზე ვართ. მოცემულობა უნდა მივიღოთ და მერე უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევცვალოთ ეს ყველაფერი. ამაზე ფიქრი ჩემი მოსვლის დღიდან დაწყებულია. ვიცოდი იმ წნეხისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მელოდა, მართლა ყველაფერი კეთდება ამის გამოსასწორებლად. ეს ჩავარდნა ჩემს მოსვლამდე დაიწყო და ამის გამოსწორებას ერთად ვცდილობთ”.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან ჩაატარებს, რომელიც მე-5 ტურში სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა.
ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდიაა, მეორეზე 10 ქულით – უნგრეთი, მესამეზე 4 ქულით უკრაინა, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა და ჯერ გოლი არ გაუტანია.
ჩვენმა გუნდმა ზედიზედ ხუთ თამაშში მეტოქის კარი ვერ აიღო, რაც არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია – 2013 წელს „ჯვაროსნების“ უგოლო სერია ოთხი შეხვედრა გაგრძელდა. მიმდინარე წელს ჩვენ ნაკრებს ოფიციალურ თამაშში გოლი არ გაუტანია – ერთი წლის წინ სტუმრად ბულგარეთთან წაგებულ შეხვედრაში თავი ლუკა ლოჩოშვილმა გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი