საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუfში უნგრეთთან მეორე თამაშიც წააგო. თუ ბუდაპეშტში ჩატარებულ შეხვედრაში „მადიარებმა“ 1:0 მოიგეს, ამჯერად მამარდაშვილს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
ჩვენმა გუნდმა ზედიზედ ხუთ ოფიციალურ თამაშში (ამხანაგური მატჩები არ ითვლება) მეტოქის კარი ვერ აიღო, რაც არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია – 2013 წელს „ჯვაროსნების“ უგოლო სერია ოთხი შეხვედრა გაგრძელდა. მიმდინარე წელს ჩვენ ნაკრებს ოფიციალურ თამაშში გოლი არ გაუტანია – ერთი წლის წინ სტუმრად ბულგარეთთან წაგებულ შეხვედრაში თავი ლუკა ლოჩოშვილმა გამოიჩინა.
მატჩის დაწყებამდე „ჯვაროსნებმა“ გუნდური ფოტო კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიას მაისურის ფონზე გადაიღეს, რომელიც ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო მოედანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ გავა.
რამაზ სვანაძის გადაწყვეტილებით დაცვი ცენტრში საბა გოგლიჩიძე და ლაშა დვალი თამაშობდნენ, მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე იყო, მარცხენა – ლუკა ლოჩოშვილი.
ნახევარდაცვის ცენტრში ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი ჩაკვეტაძე მოქმედებდნენ. მარჯვენა გარემარბად გიორგი წიტაიშვილი თამაშობდა, მარცხენად – გიორგი კვერნაძე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გამოკვეთილი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იყო.
მატჩის პირველ წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევა შორი მანძილიდან დარტყმით მექვაბიშვილმა დაასრულა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. მე-10 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა თავისი საჯარიმოდან ფეხით ზუსტი პასი მისცა სტუმართა ნახევარზე გახსნილ მიქაუტაძეს, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ერთი მცველი ჩამოიცილა, ხოლო მეორემ ბურთი აართვა.
მე-14 წუთზე უნგრელთა კონტრშეტევა საჯარიმოში შესულმა შალაიმ კარში დარტყმით დაასრულა და მამარდაშვილს ბურთის მოგერიება გაუჭირდა. 30-ე წუთზე ვარგა ჩვენს საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ბურთს დვალი გადაეფარა. 36-ე წუთზე შალაიმ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ნადის თავურის მერე, მამარდაშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
42-ე წუთზე წიტაიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა კარის წინ გახსნილ ლოჩოშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. ტაიმის ბოლო წუთზე ჩვენი გუნდის კარგი კონტრშეტევის დროს, წიტაიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან პასი უნგრელთა კარის შორეულ ძელთან მდგომ კვერნაძეს გაუკეთა, რომელმაც თავით ვერ გაიტანა.
უნგრელებმა მეორე ტაიმი პირველთა შედარებით უკეთესად დაიწყეს და 48-ე წუთზე ვიტალისმა დაახლოებით 23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მამარდაშილმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო. 64-ე წუთზე სობოსლაიამ, რომელიც ტრავმით და შეხვეული ფეხით თამაშობდა, კუთხური ჩააწოდა, ხოლო ორბანის თავურის შემდეგ, გაგნიძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. სამ წუთში უნგრელთა კონტრშეტევის დროს, შალაიმ პასი ჩვენს საჯარიმოში გაკეთა და გოგლიჩიძეს ბურთი ისე „მოეჭრა“, რომ მამარდაშვილს გოლის არგასაშვებად ნახტომი დასჭირდა.
70-ე წუთზე სობოსლაი მარცხენა ფლანგზე კაკაბაძეს გაცდა და პასი საჯარიმოში ვარგას გაუკეთა, რომელმაც თავით ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. 73-ე წუთზე სობოსლაიმ კუთხური ჩააწოდა და დვალმა მხარით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. 76-ე წუთზე უნგრელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კვერნაძე ორ მეტოქეს გაცდა და დაარტყა – მცველის ფეხიდან ბურთი კარს მცორე მანძილით აცდა.
მე-80 წუთზე კვერნაძემ მარცხენა ფლანგიდან პასი კარის წინ მდგომ ბუდუ ზივზივაძეს გაუკეთა, რომელიც ვარდნაში ბურთს ვერ მიწვდა. 85-ე წუთზე უნგრელების კარგი კონტრშეტევა გოლით ვარგამ დაასრულა. 90-ე წუთზე სენდრეი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა და დაარტყა, მაგრამ ჩვენმა გოლკიპერმა აჯობა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან ჩაატარებს, რომელიც მე-5 ტურში სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა.
ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდიაა, მეორეზე 10 ქულით – უნგრეთი, მესამეზე 4 ქულით უკრაინა, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა.
საქართველო – უნგრეთი 0:2 (0:0)
14 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი (აზაროვი 77), ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 77), მექვაბიშვილი, გაგნიძე (იეგოიანი 77), წიტაიშვილი (დავითაშვილი 63), მიქაუტაძე, კვერნაძე (გულიაშვილი 90)
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
უნგრეთი: ბ. ტოტი; ოშვათი (ბოლა 71), ორბანი, ჩინგერი, კერკეზი, შაფერი, სობოსლაი, შალაი (პეტო 86), ვიტალისი (რ. ტოტი 71), ნადი, ვარგა (სენდრეი 86)
მთავარი მწვრთნელი: მარკო როსი.
გოლები: 0:1 დვალი (73, საკ, კარში), 0:2 ვარგა (85)
გაფრთხილება: ორბანი (19), ვიტალისი (52), წიტაიშვილი (60).
მთავარი მსაჯი: ონდრეი ბერკა (ჩეხეთი)
ლაშა თაბაგარი





