საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფის მატჩებისთვის თბილისში ემზადება.
12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა “მიხეილ მესხი 2”-ზე კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად სანდრო ალთუნაშვილს არ უვარჯიშია.
მოახლოებული მატჩებისა და ეროვნული ნაკრების მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.
ბუდუ ზივზივაძე: „ახალ მთავარ მწვრთნელს ამ შეკრებაზე უკვე სრულფასოვანი კვირა აქვს იმისთვის, რომ თავისი იდეები და ხედვები გაგვიზიაროს, ჩვენ კი ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. ვფიქრობ, შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ვცდილობთ.
რაც შეეხება თამაშებს, ეროვნულ ნაკრებში თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელშიც სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ვიმყოფებით. ევროპის ჩემპიონატის წილისყრისთვის მნიშვნელოვანია, თუ რომელ ადგილზე დავასრულებთ ჯგუფურ ეტაპს.
ვეცდებით, ამ ორ მატჩში მწვრთნელის ყველა დავალება მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ, რომელიც აქამდე არაერთხელ უგრძვნია”.
13 ნოემბერს რამაზ სვანაძის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს “მიხეილ მესხი 2”-ზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის მთავარი მწვრთნელის ოფიციალური პრესკონფერენცია ჩატარდება. უნგრეთის ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს საქართველოში გამგზავრებამდე, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო).
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
საქართველოს ნაკრები უნგრეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და თამაში 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას შეხვდება. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა.
13 ნოემბრის განრიგი | მიხეილ მესხი
16:30 – საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:00 – საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში (მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან ვარჯიშის საწყის 15 წუთზე).
21:15 – უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
ლაშა თაბაგარი





