კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის მე-16 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ შოთა ანდღულაძეს „სამგურალის“ კაპიტანი შოთა შერგელაშვილი ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა ირაკლი შენგელიამ პენალტი დანიშნა. ბრაზილიელი ჯექსონ კენიოს დარტყმული ანზორ სიუკაევმა მოიგერია და შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
65-ე წუთზე „რუსთავის“ მეკარემ პაპუნა ბერუაშვილმა თავისი საჯარიმოდან გრძელი პასი გაუკეთა სტუმართა ნახევარზე ირაკლი იაკობიძეს, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და განელმა სოლომონ კესიმ ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. არბიტრმა გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ჩათვალა.
86-ე წუთზე ბრაზილიელმა ჟან ალმეიდამ კარგი პასით მეკარესთან პირისპირ არგენტინელი კევინ სეიხასი გაიყვანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „რუსთავს“ 56 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 39 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





