ლიონელ მესიმ სეგუნდა დივიზიონის კლუბი შეიძინა

0
3

არგენტინის ეროვნული გუნდის ექსკაპიტანმა და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „ელდენსე“ შეიძინა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„კლუბი „დეპორტივო ელდენსე“ ოფიაციალურად აცხადებს ლიონელ მესის მიერ გუნდის შეძენის შესახებ, რაც 100 წელზე მეტი ისტორიის კლუბისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.
ესპანურ პროფესიონალურ ფეხბურთში სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის „ელდენსეს“ მფლობელად მისვლა, ახალი პროექტის დასაწყისია, რომელიც მიმართულია კლუბის სპორტული, ინსტიტუციონალური და სოციალური განვითარებისთვის.
1921 წელს დაფუძნებული „ელდენსე“ ახალ ეტაპს იწყებს ამბიციით, რათა გაიმყაროს თავისი პოზიცია და პროფესიონალურ ფეხბურთში განვითარდეს, მაგრამ ამავე დროს თავისი ფესვები, ისტორია და ლურჯ-წითელი ფერები შეინარჩუნოს“.
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა 39 წლის ასაკში სანაკრებო კარეირა დაასრულა. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის მერე განაცხადა, სადაც არგენტინელები ფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხდნენ.
მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და 207 მატჩში 125 გოლი გაიტანა, პლუს 68 საგოლე პასი გააკეთა. ის ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი ბურთების რაოდენობით მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდოს (146) ჩამორჩება.
მესიმ მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014, 2018, 2022, 2026) ითამაშა. მან ერთხელ ოქროს მედალი (2022) მოიგო, ხოლო ორჯერ ვერცხლის მედლებს (2014, 2026) დაეუფლა. იგი 21 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ბომბარდირია – პირველი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპეა (22). მესის მუნდიალებზე გაკეთებული საგოლე პასების რეკორდი ეკუთვნის – 12.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ორჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი (2021, 2024) და ასევე ფინალისიმა (2022 წელს არგენტიელებმა ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხეს) მოიგო.
ლაშა თაბაგარი