პორტუგალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა 41 წლის კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩემი სინდისი სუფთაა. ეს რამდენიმე დაძაბული საათი იყო, რადგან ორი თამაში გვქონდა. ფეხბურთში მრავალი წელია ვარ და ვიცი, რომ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რათა არსებული ვითარების გაგრძელების პროვოცირება მომეხდინა.
რონალდუს მიღწევების დაკნინება არავის შეუძლია. ის სიმბოლო და ფიგურაა, რაც განხილვას არ ექვემდებარება. არსებობენ სტატუსიანი მოთამაშეები, მაგრამ წესები ყველასთვის ერთია. მთელი ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასე ვფიქრობ და გავაგრძელებ“ – იუწყება 72 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა Record.
27 სექტემბერს ერთა ლიგაში სტუმრად ნორვეგიასთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში რონალდუ სათადარიგო იყო და არ უთამაშია. ამის შემდეგ, მან ვარჯიში გამოტოვა. ფეხბურთელსა და პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც მხარეებმა მოაგვარეს.30 სექტემბერს ჟეზუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რონალდუ 1 ოქტომბერს დანიასთან გასამართ თამაშსაც გამოტოვებს.
ამის მერე, კრიშტიანუმ თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობას ტოვებს და თავისი წასვლის მიზეზს მოგვიანებით განმარტავს.ის კოპენჰაგენიდან კერძო თვითმფრინავით მადრიდში დაბრუნდა
ჟეზუში და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრუ პროენსა აეროპორტში შეეცადნენ რონალდუსთვის შეკრების დატოვება გადაეფიქრებინათ, მაგრამ უარი მიიღეს.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან გამოდიოდა და 234 მატჩში 146 გოლი გაიტანა – ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ამდენჯერ მეტოქის კარი არავის აუღია. მან პორტუგალიელთა შემადგენლობაში 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე ორჯერ ერთა ლიგა მოიგო – 2019 და 2025 წელს.
ლაშა თაბაგარი





