გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ რიგებში იტალიის სერია A-ში გოლი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. მე-5 ტურში „ფროზინონემ“ „კომო“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-14 წუთზე სტუმართა კარი კალომ აიღო. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე კვერნაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში მასპინძლების კონტრშეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი კვერნაძე ერთ მცველს გაცდა და ბურთი კარის ბადეში გაახვია. 23 წლის კვერნაძემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 5 მატჩში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი გააკეთა.
გიორგი ჯგერენაიამ ნამანგანის „ნავბაჰორის“ მაისურით უზბეკეთის სუპერლიგაში მეორე გოლი მიითვალა. 22-ე ტურში ნამაგანელებმა შინ სამარყანდის „დინამო“ 3:2 დაამარცხეს. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 39-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:1 იგებდნენ, დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 2 ბურთი შეაგდო და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





