დეშამი: „ჩემი ფეხბურთელების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ“

0
5

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის I ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერაყთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელების მიმართ ძალიან მომთხოვნია. განვლილი შეხვედრის პირველ ტაიმში ძლიერი წვიმა წამოვიდა, ხოლო შესვენების შემდეგ თამაში აღარ განახლდა, რადგან ჭექა-ქუხილის საშიშროება იყო. ფეხბურთელები მოედანზე თითქმის ორსაათიანი პაუზის მერე დაბრუნდნენ.
„პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. შესაძლოა, ჩემი ფეხბურთელების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. თუმცა, მე ასეთ მიდგომას ვამჯობინებ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც მყავს.
მეორე ტაიმში მთლიანად გადავჯგუფდით, რაც ადვილი არ იყო მომხდარის გამო. გამარჯვება კარგია. დღეს. 1/16-ფინალის საგზური მოვიპოვეტ, მაგრამ ჯგუფში საბოლოო მდგომარეობის გასარკვევად მესამე მატჩი გადამწყვეტი იქნება.
მატჩის შეჩერება უამინდობის გამო? თავიდან ტაბლოზე გაფრთხილება იყო, რომელის შემდეგ გაქრა და ცოტა ხნის მერე ისევ გამოჩნდა. მოთამაშეებისთვის სიახლის შეტყობინება მატჩის განახლების შესახებ შევწყვიტე, რადგან ინფორმაცია ყოველ 30 წამში იცვლებოდა“ – იუწყება ფრანგული მედია დეშამის ნათქვამს.
მატჩის მე-14 წუთზე დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა. 54-ე წუთზე ერაყელმა მცველმა ბურთის თამაშში შეყვანის დროს მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რომელიც დემბელემ ჩაჭრა და მბაპე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი დუბლი მიითვალა. 66-ე წუთზე ოლისემ ერაყელების საჯარიმოში გადაცემა დემბელეს გაუკეთა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო და მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მბაპე 27 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „სამფეროვანთან“ რიგებში 100 თამაში ჩაატარა. მან თავის ანგარიშზე 60 გოლი ჩაიწერა და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მბაპემ დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიითვალა და 16 გოლით მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილს გერმანელ მიროსლავ კლოზესთან ერთად იყოფა – 18 გოლით საუკეთესო ლიონელ მესია.
ლაშა თაბაგარი