„სამგურალმა“ იმერულ დერბიში „ტორპედოს“ სძლია

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში იმერული დერბით დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.
მატჩის 31-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ბრაზილიელმა ველისოლმა მარცხენა ფლანგიდან „ტორპედოს“ საჯარიმოში ჩააწწოდა, სადაც კარიდან ცუდად გამოსულმა სერბმა ფილიპ კლიაიჩმა ბურთი დავით ბუკიას მოახვედრა, ხოლო ზურგით მდგომმა სებოლინიამ ქუსლით ანგარიში გახსნა – 1:0. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიალი სებოლინია მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
52-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბრაზილიელი ვინისიუსი თანამემამულ ვარლეის უპრობლემოდ გაცდა და პასო კარის წინ გახსნილ მათე შათირიშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:0.
78-ე წუთზე ქუთაისელებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და უკრაინელმა ვიქტორ ბლიზნიჩენკომ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა სერბმა კომნენ ანდრიჩმა თავით ერთი ბურთი გაქვითა – 2:1. 83-ე წუთზე გვინეა-ბესაუელმა სორი მანემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 26 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალს“ 21 ქულა აქვს და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი