პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ამაყობს, რომ ქართველია. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა ამის თაობაზე უეფას ვებგვერდთან ისაუბრა.
„ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვალა, რადგან ჩვენმა მეტოქეებმა იციან შარშან როგორ ვთამაშობდით. ისინი ცდილობდნენ ჩვენი სტრატეგიის განხორციელებისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ნებისმიერ ოპონენტთან ღირსეული თამაში ვაჩვენოთ. მათ პატივს ვცემთ, მაგრამ ვიცით, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხების პოტენციალი გვაქვს. უბრალოდ, საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ეს სწორედ ისაა, საითკენაც მივისწრაფვით. გარკვეული დოზით ეს მეორდება, რადგან გასულ სეზონში საუცხოოდ ვიმუშავეთ და წელსაც იმავეს განმეორებას ვაპირებთ.
გასულ წელს ქართველი გულშემატკივრებისგან და უბრალო ადამიანებისგან დიდი სიყვარული ვიგრძენი – ძალიან ბევრმა მომილოცა. იყო ხალხი, რომელსაც მანამდე ფეხბურთი არავის უნახავთ. ყველაფერს გავაკეთებ რათა ეს სიხარული ქართველ გულშემატკივრებს ისევ ვაჩუქო. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი ქვეყნის ხალხის გახარებაში მცირე წვლილი შევიტანო.
ჩვენი ისტორია ასეთია: ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც ყოველთვის იბრძვის. იცით, რომ ჩვენ ყოველთვის პასუხი გვაქვს? შეკრული გუნდი ვართ და ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭეთ, მაგრამ ამავე დროს სტუმართმოყვარეობაც არ გვეშლება. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, რადგან ასეთი მენტალიტეტი გვაქვს – ვიბრძოლოთ. ჩემთვის საქართველოში ქუჩაში გავლა იოლი არაა, რადგან იქ ფეხბურთს აღმერთებენ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის მიყვარს. ვცდილობ საქართველოში ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევაში ჩავიდე“ – თქვა კვარაცხელიამ.
კვარაცხელიამ 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 28-ჯერ ითამაშა – 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა გამართა.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დაასახელეს. 30 მაისს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა
ლაშა თაბაგარი





