კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში გაიხსნა, სადაც მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ადგილობრივს „სამგურალს“ ესტუმრა და ერთბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
მატჩის 37-ე წუთზე „იბერიას“ მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა თავის ნახევარზე ცუდი პასი გაუკეთა ლუქსემბურგელ ვაჰიდ სელიმოვიჩს და ბურთს ბრაზილიელი სებოლინია დაეუფლა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ თორნიკე მეგრელიშვილმა წააქცია. მთავარმა მსაჯმა აკაკი ფარჯიკიამ პენალტი დანიშნა, რომელიც ველისოლმა გაიტანა.
44-ე წუთზე სებოლიანიამ სტუმართა ნახევარზე ფინტებით თავგზა სელიმოვიჩს აუბნია და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პასი კარის წინ გახსნილ თანამემამულე ველისოლს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით შეაგდო.
51-ე წუთზე ნიკო ცეცხლაძის გადაცემის შემდეგ, სებოლინია „იბერიას“ საჯარიმოში სელიმოვიჩს გაექცა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან ანგარიშსში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბრაზილიელი ლუკას კაფე მცველმა მათე შათირიშვილმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დადო, რომელიც „იბერიას“ კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა. ხუთ წუთში ჯინჯოლავამ დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი მიითვალა.
გუგა ნერგაძის გაწვრთნილ „იბერიას“ 27 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატუნირო ცხრილში ლიდერობს – მეორეადგილოსან „ტორპედოს“ მხოლოდ ქულით ასწრებს. გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 18 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
სამგურალი 3:2 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი





