პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში შინ „პარიზთან“ 0:1 მარცხი უსამართლოდ მიაჩნია. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, თამაშის გარჩევა ძალიან მარტივია. ჩვენ სრულფასოვანი მატჩი ჩავატარეთ. საუცხოოდ ვითამაშეთ და ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. უდავოა, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ფეხბურთია და ყველაფერს გოლები წყვეტს. მეტოქემ გაიტანა, ხოლო ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ. ამის მიუხედავად გუნდით ძალიან ვამაყობ – როგორც მთლიანად, ასევე თითოეული მოთამაშით.
შედეგი? ის მტკივნეული და უსამართლოა. თუმცა, ეს უნდა გადავყლაპოთ. გულწრფელად გეტყვით, რომ მოედანზე რაც ვნახე კმაყოფილი ვარ. „პარიზს“ მომავალში წარმატებას ვუსურვებ“ – თქვა ლუის ენრიკემ.
განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო. აქედან გამომდინარე უცნაურია, რომ 64-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





