ტიაგო გომესი: “საწყისი 10 ტური უმნიშვნელოვანესია”

0
3
„სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო გომესმა გუნდი სასტუმრო „წყალტუბო პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა და ფიზმომზადების მწვრთნელ ოთარ საბანაძესთან ერთად მოსამზადებელი ეტაპის გეგმა გააცნო.
ბრაზილიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს გუნდის მიზნებზეც ესაუბრა. ტიაგო გომესის განცხადებით, „სამგურალის“ ამოცანაა კლუბის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვება.
“ამის მისაღწევად ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდება. მოსამზადებელი ეტაპი მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. კლუბის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რომ „სამგურალი“ გაძლიერდეს და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
უკვე დავიმატეთ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ, თუმცა მუშაობა გრძელდება და კიდევ რამდენიმე ტრანსფერს ველოდებით. მოსამზადებელ ეტაპს 5 თებერვლამდე საქართველოში გავივლით და 3-4 ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ, რის შემდეგაც ანთალიაში გავემგზავრებით, სადაც 4 საკონტროლო შეხვედრაა დაგეგმილი.
ჩვენი მთავარი მიზანია, ჩემპიონატის სტარტს საუკეთესო ფიზიკურ და სათამაშო კონდიციებში შევხვდეთ. საწყისი 10 ტური გუნდის საბოლოო შედეგებისთვის უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ბრაზილიელმა სპეციალისტმა.
ლაშა თაბაგარი