ხაბი ალონსოს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. კლუბის ხელმძღვანელებმა ასეთი ნაბიჯი კვირას ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ 2:3 წაგების შემდეგ გადადგეს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მადრიდელებს სათავეში 2025 წლის ზაფხულში ჩაუდგა და კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
44 წლის ალონსო 2022-2025 წლებში ლევერკუზენის „ბაიერს“ ავარჯიშებდა და 2023-2024 წლების სეზონში არსებობის ისტორიაში პირველად გერმანიის ბუნდესლიგა ისე მოაგებინა, რომ ერთი თამაშიც არ წაუგიათ. გარდა ამისა, მან „ბაიერს“ გერმანიის თასი და სუპერთასი ააღებინა, ხოლო ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ დამარცხდა.
ფეხბურთელობისას ალონსო „რეალში“ 2009-2014 წლებში გამოდიოდა. მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა ერთხელ, ესპანეთის თასი ორჯერ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.
ალონსოს ნაცვლად „რეალის“ თავკაცად 42 წლის ალვარო არბელოა დანიშნეს, რომელიც 2025 წლის ივნისიდან ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობდა. ის 2020 წლიდან მადრიდელთა აკადემიაში მუშაობდა. ესპანეთის ეროვნული გუნდის ექსმცველი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო პირველ გუნდში 2004-2005 და 2009-2016 წლებში გამოდიოდა. მან „სამეფო კლუბის“ მაისურით ერთხელ ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო თითოჯერ ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





