თბილისის “დინამომ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე 8 ფეხბურთელი გაუშვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ჩვენი გუნდი ახალი სეზონის დაწყებამდე 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა. “დინამოს” რიგები მოლდოველმა გოლკიპერმა სტეფან სიკაჩმა, ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსეუმ და შემტევმა ადრიან როდრიგესმა, უკრაინელმა მცველმა ბოგდან პოტალოვმა, სენეგალელმა ნახევარმცველმა ონორე გომისმა, ფორვარდებმა გიორგი ლომთაძემ და ვასილიოს გორდეზიანმა და ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ დატოვეს. მადლობას ვუხდით ფეხბურთელებს აქ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ მომავალში.
ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე კი ერთწლიანი იჯარით წყალტუბოს “სამგურალს” შეუერთდა.ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და უახლოეს მომავალში ახალწვეულებთან დაკავშირებული სიახლეებით დაგიბრუნდებით. თებერვალში დედაქალაქელები თურქულ შეკრებას გეგმავენ, თვის ბოლოსკენ კი ეროვნული ლიგის საიუბილეო გათამაშება აიღებს სტარტს”.
ლაშა თაბაგარი





