„ექსელსიორმა“, რომელშიც ირაკლი ეგოიანი გამოდის, ახალი წელი ძალიან წარუმატებლად დაიწყო. ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-18 ტურში როტერდამელები სტუმრად გათამაშების ლიდერ პსვ-ს შეხვდნენ და 1:5 წააგეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 39-ე წუთისთვის პსვ 4:0 იგებდა და პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. შესვენების შემდეგ ეინდჰოვენელებმა მეტოქის კარი ერთხელ აიღეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს. „ექსელსიორი“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 პოზიციაზეა. ეგოიანმა, რომელიც ნიდერლანდების ელიტარულ დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს, 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





