ანტონიო კონტემ სამწვრთნელო კარიერაში მე-10 ტიტული მოიპოვა. „ნაპოლიმ“, რომელსაც 56 წლის სპეციალისტი ხელმძღვანელობს, საუდის არაბეთის დედაქალა ერ რიადში გამართული იტალიის სუპერთასის ფინალში „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა. ნეაპოლელებიდან დუბლი ბრაზილიელმა დავიდ ნერეშმა შეასრულა, რომელმაც მეტოქის კარი 39-ე და 57-ე წუთზე აიღო. ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „მილანს“ 2:0 აჯობა.
გასულ სეზონში კონტემ „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A მოიგო. მანამდე, მან ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატში 3-ჯერ გაიმარჯვა (2012-2014), 2017 წელს „ჩელსიში“ პრემიერლიგის ოქროს მედლებს დაეუფლა, ხოლო 2021 წელს სერია A-ში “ინტერთან” ერთად იპირველა.
გარდა ამისა, იტალიის ნაკრების ექსთავკაცმა “იუვენტუსს” ორჯერ იტალიის სუპერთასი ააღებინა (2012, 2013), ხოლო “ჩელსის” ინგლისის თასზე გაამარჯვებინა (2018). ის ნეაპოლელებს 2024 წლიდან წვრთნის და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
„ნაპოლიმ“ არსებობის ისტორიაში სუპერთასი მესამედ მოიპოვა – მანამდე, გუნდმა ასეთ წარმატებას 1990 და 2014 წელს მიაღწია.
სუპერთასზე გამარჯვებათა რიცხვით რეკორდსმენია “იუვენტუსია” (9), “მილანმა” და “ინტერმა” ეს ტიტული 8-8-ჯერ მოიგეს, ხოლო “ლაციომ” – 5-ჯერ.
ლაშა თაბაგარი





