საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ, „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში მერსისაიდელებმა პსვ მიიღეს და ბრაზილიელის ალისონის მაგივრად, კარში ადგილი ისევ მამარდაშვილმა დაიკავა.
„ლივერპულმა“ მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა და 1:4 წააგო. მე-6 წუთზე ანგარიში პერიშიჩმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად დაარტყა. მე-16 წუთზე გაკპო მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და დაარტყა, ხოლო მეკარის მოგერიებულ ბურთს სობოსლაიმ კარში გადაგზავნა.
56-ე წუთზე მაური ჟუნიორმა მასპინძლების საჯარიმოში გუს ტილი მოძებნა, რომელმაც მცველს დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა. 73-ე წუთზე პეპი „ლივერპულის“ საჯარიმოში ორ მცველს გაექცა და დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, დრიოშმა კი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მერსისაიდელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა დესტმა პასი დრიოშს გაუკეთა, რომელმაც ძლიერი დარტყმით მამარდაშვილს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველ მეკარეს არცერთი გოლის დროს თავისი გუნდი გადარჩენის შანსი არ ჰქონია.
„ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში მე-10 მატჩი წააგო, იმდენი რამდენიც მთელი გასული სეზონის განმავლობაში. გარდა ამისა, 1992 წლის შემდეგ პირველად, მერსისაიდელებმა ზედიზედ სამ შეხვედრაში სამი ან მეტი გოლი პირველად გაუშვეს.
ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მომდევნო 9 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა და მომდევნო თამაშს ჩემპიონთა ლიგაში 10 დეკემბერს სტუმრად „ინტერთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





