გიორგი ზარიამ ალმათის „ქაირათის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი საგოლე პასი შეასრულა. ლიგის ფაზის მე-5 ტურში ყაზახური გუნდი დანიაში „კოპენჰაგენს“ ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.
მატჩის 26-ე წუთზე მასპინძლები დადასონმა დააწინაურა. 59-ე წუთზე ალმათელთა მცველმა კასაბულატმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და არბიტრმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ლარსონმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი შემტევი ნახევარმცველი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო. 73-ე წუთზე რობერტმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან დაარტყა და ბურთი კასაბულატს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. 81-ე წუთზე სატპაევმა საჯარიმოს გარეთ გამოსულ დანიელთა გოლკიპერს ბურთი წაართვა და ცარიელ კარში გაიტანა. 90-ე წუთზე ყაზახების შეტევის დროს ზარიამ „კოპენჰაგენის“ საჯარიმოში ბაიბეკი მოძებნა, რომელიც მცველს გაცდა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის ბოლო წუთზე ზარიამ ჯარიმის შესრულების დროს ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და ყაზახი ფეხბურთელის თავურის შემდეგ, დანიელები კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაურჩნენ.
„ქაირათი“ 1 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა და ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 10 დეკემბერს სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





