კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა თბილისის „იბერიამ“ თანაქალაქელი „დინამო“ მიიღო, რომელსაც 7 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მინიმალური ანგარიშით სძლია.
მატჩის მე-16 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყიფმა კოტდივუარელმა მცველმა დინამოელთა საჯარიმოში პასი ნიკოლოზ დადიანს გაუკეთა, რომელმაც თავით დაარტყა და გიორგი ლორიამ ბურთი ნახტომში მოიგერია. ტაიმის მიწურულს ზოური სტუმართა საჯარიმოში თავად აღმოჩნდა და კარში ბურთი სახიფათოდ გაგზავნა, მაგრამ ლორიამ თავისი გუნდი გოლის გაშვებას ისევ გადაარჩინა.
მატჩის 69-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილი „დინამოს“ საჯარიმოში შეეცადა ცოტნე ბერელიძეს გაცდენოდა და წაიქცა. არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა თავდაპირველად პენალტი დანიშნა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ თავისი გადაწყვეტილება გადათქვა.
82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკა ხორხელმა „დინამოს“ სააჯრიმოს ხაზიდან დაარტყა და ლორიამ ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო ასევე სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულმა ირაკლი ძაგანიამ ახლო მანძილიდან შეაგდო – 1:0. მატჩის ბოლოს წუთზე მათე ვაწაძე შეეცადა „მაკრატელა“ დაერტყა, მაგრამ ფეხის სახეში გიორგი ქობულაძეს მოარტყა, რის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
გუგა ნერგაძის გაწვრთნილმა „იბერიამ“ 74 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის დამოძღვრილი „დინამო“ 55 ქულით მეოთხეა.
იტალიელი დიეგო ლონგოს თავკაცობით გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო, რომელსაც ბრაზილიელი ტიაგო გომესი ავარჯიშებს და 2:0 აჯობა.
შეხვედრის მე-14 წუთზე ბრაზილიელმა ვინისიუსმა თავის საჯარიმოში ბურთი კონგოელ დეო ბასინგას „ჩააბარა“, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა – 1:0.
41-ე წუთზე „სამგურალის“ უკრაინელი მეკარის როსტისლავ ბელოვის მოგერიებული ბურთი საჯარიმოში განელმა სირილ ედიუძიმ მიიღო და პასი მალელ აბუბაქარ კონტეს გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 16 მეტრიდან დაბალ კუთხეში გაიტანა – 2:0.
„დილა“ 74 ქულით მეორეა და „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარესი შედეგით ჩამორჩება, ხოლო „სამგურალი“ 39 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





