ფოთის „კოლხეთი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ქვედა ლიგაში დაქვეითდა. 34-ე ტურში დავით კვირკველიას გაწვრთნილი ფოთელები სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდნენ და 0:4 დამარცხდნენ. ცნობისთვის, ორი წლის წინ „კოლხეთი“ ქართული ფეხბურთის ელიტაში ხანგრძლივილი პაუზის შემდეგ სწორედ კვირკველიას ხელმძღვანელობით დაბრუნდნენ.
მატჩის მე-5 წუთზე ფოთელთა საჯარიმოში ალეკო ბასილაძე ერთ მცველს გაცდა და პასი კარის წინ მდგომ პაატა ღუდუშაურს გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 1:0.
39-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა და სერბმა კომნენ ანდრიჩმა თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0.
51-ე წუთზე კუთხური ისევ მამუჩაშვილმა შეასრულა და ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა თავით სტუმართა კარი აიღო – 3:0. 74-ე წუთზე მამუჩაშვილმა დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარის ბადეში გაეხვა – 4:0.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 59 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, ხოლო „კოლხეთი“ 22 ქულით ბოლოა და 8 ქულით ჩამორჩება მე-9 ადგილზე მყოფ „თელავს“.
ლაშა თაბაგარი





