სვანაძე: “ჩვენი მენტალური მხარე სწორი და ჯანსაღი უნდა იყოს”

0
4

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, გუშინ ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე, “ლეოფოროსზე” მატჩისწინა ვარჯიში გამართა. დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ჩვენი გუნდი ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს დაუპირისპირდება.
გუნდმა დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა და საწვრთნელი პროცესის შემდეგ, მომავალი თამაშის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანძემ და მოთამაშეებმა – დაჩი ლორთქიფანიძემ და გიორგი ტაბატაძემ ისაუბრეს.
რამაზ სვანაძე: „შეკრებამ ნორმალურად ჩაიარა, რაც გვქონდა დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. მომავალ თამაშს დიდი ინტერესით ველოდებით. ვიცით, თუ რა დონის გუნდთან გვაქვს თამაში. ჩვენი ჯგუფის ლიდერია, ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელებით. რეალურად, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, იმიტომ, რომ ჯგუფში ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ჩვენთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვეცდებით, დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.
გვაქვს დანაკლისი და მოგვიწევს რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლა. თუმცა, ეს შანსია ახალი ფეხბურთელებისთვის, რომ დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობა. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია ჩვენთან არიან, მესამე შეკრებაა, მეოთხე მატჩს ვთამაშობთ, ამიტომ გუნდთან თავიდან ბოლომდე ადაპტირებული არიან.
სიგუას და ნარიმანიძეს დანაკლისს ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდნენ. რეალურად, ახალგაზრდული ნაკრების დანიშნულებაც ეს არის, რომ ის ჯაჭვი არ გაწყდეს, რაც ბოლო წლებში არსებობს. საოცარ ციფრებზე ვართ ასული. რა თქმა უნდა, ეგოიანი ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მას შეცვლიან. ერთადერთი, რასაც გუნდისგან ვითხოვ, ეს არის ის, რომ ჩვენი მენტალური მხარე იყოს სწორი და ჯანსაღი, როგორც ასეთი დონის თამაშებს შეეფერება“.
დაჩი ლორთქიფანიძე: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მეტოქის თამაშები ვნახეთ და გავიარეთ. რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენზე იქნება დამოკიდებული თამაშის შედეგი“.
გიორგი ტაბატაძე: „გუნდში განწყობა იდეალურია. საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები. საბერძნეთი რთული მეტოქეა, მაგრამ ვეცდებით, სამი ქულა მოვიპოვოთ“.
3 ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. საბერძნეთი 9 ქულით ლიდერობს, ხოლო გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ 6 ქულით მეორე ადგილზეა.
საბერძნეთი-საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი