საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება. 13 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.
ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს დინამო არენაზე 15 ნოემბერს უმასპინძლებს. ყვითელი ბარათების გამო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ნოემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გასამართი მატჩების შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრეს.
ხვიჩა კვარაცხელია: „ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.
ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები”.
გიორგი გოჩოლეიშვილი: „ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ძალიან მოტივირებულები ვართ. ესპანეთთან მატჩის მსგავსად, რთული შეხვედრა გველის ბულგარეთში. მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს და ვეცდებით, რომ თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ”.
14 ნოემბრის განრიგი | დინამო არენა
17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
19:00 ესპანეთის ნაკრების პრესკონფერენცია
19:30 ესპანეთის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
ლაშა თაბაგარი





