ფუტსალის ნაკრებმა ესტონეთს ათჯერ გაუტანა

0
3

ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ესტონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ძალიან დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. თუ ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი თამაში 5:0 მოიგო, ამჯერად მეტოქეს 10 გოლი გაუტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.
მატჩის მე-4 წუთზე აუტიდან ბურთი შემოყვანის დროს გიორგი ღავთაძემ ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ შოთა თოფურიას, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში ესტონელ მოთამაშეს საპასუხო ბურთი გატანის კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც თავისი ნახევრიდან ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ თოფურიამ ბურთი მოიგერია.
მე-9 წუთზე გიორგი ტყეშელაშვილის პასი ღავთაძემ გამოიყენა, ხოლო მე-11 წუთზე თავი ლევან სვანიძემ გამოიჩინა. მე-16 წუთზე ღავთაძემ დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმის განახლებიდან ოთხ წუთში ტყეშელაშვილის გადაცემით ჯანიკო გიორგაიამ კარგად ისარგებლა. 26-ე წუთზე გიორგაიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე დაკარგა და ესტონელთა კონტრშეტევა დენის ვნუკოვის გოლით დასრულდა.
27-ე წუთზე ესტონელთა კარის ბადე ლევან სვანიძემ შეარხია, ხოლო ერთ წუთში იმავე ჯანო კვარაცხელიამ გაიმეორა. 30-ე წუთზე ღავთაძემ ჰეთ-თრიქი მიითვალა, მალე კი თავის ანგარიშზე „პოკერიც“ ჩაიწერა. 35-ე წუთზე ჯანიკო გიორგაიამ დუბლი გაიფორმა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ფუტსალის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)|
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)

ლაშა თაბაგარი