“ბორჯღალოსნებს” კანადასთან მატჩისთვის 4 მოთამაშე დაემატათ

0
2

ორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა კანადისა და იაპონიის ნაკრებებთან გასამართი ტესტ-მატჩების წინ შეკრებაზე ოთხ ახალ მოთამაშეს უხმო.
ესენი არიან: ‘გრენობლის’ ბურჯი გიორგი მამაიაშვილი, ‘ლა როშელის’ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, ‘ტულონის’ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და ‘პროვანსის’ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. მათგან ერთს – ნიკოლოზ სუთიძეს ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშია. საქართველო, რომელმაც აშშ-ს ბათუმში 43:30 სძლია, ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს კვლავ ზღვისპირეთში, „აჭარაბეთ არენაზე“ გამართავს და ამჯერად კანადას დაუხვდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.
კანადა 8 ნოემბერს რუმინეთს ეთამაშა და 21:31 დამარცხდა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მეორე გუნდის სტატუსით ითამაშებს. მოცემული მომენტისთვის კანადა მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილზეა, საქართველო კი მე-11 პოზიციას ინარჩუნებს.
2009-2017 წლებში ბორჯღალოსნები კანადას 7-ჯერ ეთამაშნენ და 4-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს, სამი თამაში კი დათმეს. ამ 7-იდან სამი თამაში საქართველოში ჩატარდა, სამივე თბილისში, ორჯერ კანადაში ვირაგბეთ, ორჯერ კი ნეიტრალურ მოედანზე.
პირველად კანადას აშშ-ში, გლენდეილში შევხვდით. მატჩი „ჩერჩილის თასის“ ფარგლებში ჩატარდა და მეტოქემ 42:10 გაიმარჯვა. ერთი წლის თავზე ჩრდილო ამერიკელები თბილისში, „ეროვნულზე” გვეწვივნენ და რევანში შედგა – საქართველომ 22:15 მოიგო.
2012 წელს კანადას სტუმრად, ვანკუვერში შევხვდით (12:31), ერთი წლის შემდეგ კი „ეროვნულზე“ მეორედ გავიმარჯვეთ – 19:15. 2015 წლის მსოფლიო თასამდე კანადას ინგლისში ვეთამაშეთ და მინიმალური სხვაობით ჩამოვრჩით – 15:16.
ბოლო ორი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც კანადასთან დადებითი ბალანსი შეგვიქმნა. 2017 წელს მეტოქე მისსავე მოედანზე, კალგარიში 13:0 დავამარცხეთ, იმავე წლის ნოემბერში კი „ეროვნულზე“ სარეკორდო სხვაობით – 54:22 ვაჯობეთ.
rugby.ge