“ბორჯღალოსნებმა” ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში ბათუმში აშშ-ს ნაკრები 43:30 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა და კაპიტანმა ბექა გორგაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
რიჩარდ ქოქრილი: „კარგია რომ მოვიგეთ. გვქონდა კარგი მომენტებიც, მაგრამ იყო ცუდი შეცდომებიც. თავს არ ვიმართლებთ, თუმცა ეს პირველი თამაში იყო. ასე აღარ უნდა მოხდეს. ამ კვირაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა კანადასთან ასეთი რამ აღარ განმეორდეს. შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ, მე-20 წუთისთვის ანგარიში დამსახურებული იყო. თუმცა მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება და როგორც პირველი ტაიმის ბოლოს, ასევე მატჩის დასრულების შემდეგ, ანგარიში კანონზომიერი იყო.
იაპონიის ნაკრები ამჟამად ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა დავამარცხეთ. კანადასთანაც და იაპონიასთანაც ჩვენი ვალდებულებაა გავაუმჯებესოთ თამაში, ჩემი ვალდებულება და პასუხისმეგებლობაა ამ შედეგს მივაღწიოთ. შესათამაშებლად იაპონიას ბევრად დიდი დრო ჰქონდა.შემოდგომაზე მათ უკვე ითამაშეს ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ირლანდიასთან. ჩვენამდე შეხვდებიან უელსს და ხომ წარმოგიდგენიათ როგორი შეთამაშებულები იქნებიან.
ვფიქრობ, იაპონიასთან ბოლო თამაშის შემდეგ ჩვენც უკეთესი გუნდი ვართ, განსაკუთრებით დერეფანში, შეტევით მოლში და შერკინებაში. მომავალი თამაშებისთვის იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ არა ფუნდამენტური“.
ბექა გორგაძე: „გუნდის მიზანი გამარჯვება იყო და კარგია ეს რომ შევძელით. ასევე გვინდა გავაგრძელოთ. ამერიკამ მომენტუმი დაიჭირა და ეს კარგად გამოიყენა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენი სიძლიერე ისაა, რომ შევძელით შეცდომების გამოსწორება და საჭირო რეაგირება მოვახერხეთ. საბოლოოდ ის შედეგი ითვლება, რაც ტაბლოზეა და მოხარულები ვართ გამარჯვება რომ მოვახერხეთ. სამუშაო ბევრია და ვიმედოვნებ შემდეგ თამაშს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით“.
rugby.ge





