ბორჯღალოსნებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 43:30 სძლია და მთავარი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.
მიზანი კი ნოემბრის ტესტების დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვედრაა, რაც 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ ადგილს მეორე კალათაში დაგვიბევებს. კენჭისყრა 3 დეკემბერს გაიმართება და პირველ კალათაში იმ მომენტისთვის 6 მოწინავე მოხვდება, მე-7-მე-12 ადგილზე მყოფი გუნდები მეორე კალათაში განითესებიან და შესაბამისად, ავსტრალიაში ერთ ჯგუფში აღარ იქნებიან. მესამე და მეოთხე კალათაში მე-13-მე-18 და მე-19-24-ე ადგილოსნები მოხვდებიან. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ნოემბრის სამივე თამაშის მოგება, საიდანაც ერთი უკვე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
ბორჯღალოსნებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 43:30 სძლია და მთავარი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.
მიზანი კი ნოემბრის ტესტების დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვედრაა, რაც 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ ადგილს მეორე კალათაში დაგვიბევებს. კენჭისყრა 3 დეკემბერს გაიმართება და პირველ კალათაში იმ მომენტისთვის 6 მოწინავე მოხვდება, მე-7-მე-12 ადგილზე მყოფი გუნდები მეორე კალათაში განითესებიან და შესაბამისად, ავსტრალიაში ერთ ჯგუფში აღარ იქნებიან. მესამე და მეოთხე კალათაში მე-13-მე-18 და მე-19-24-ე ადგილოსნები მოხვდებიან. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ნოემბრის სამივე თამაშის მოგება, საიდანაც ერთი უკვე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
50 კეპი და დებიუტი
„აჭარაბეთ არენაზე“ გამართული მატჩი ნიშანდობლივი იყო ორი მორაგბისთვის. ბექა საღინაძემ 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა, ხოლო დათო აბდუშელიშვილმა ბორჯღალოსნების კვართით პირველი შეხვედრა ჩაატარა.
თავად თამაშს რაც შეეხება, აშშ-მ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა რომ არა ჩვენი შეცდომები სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა. ჩვენს თამაშში ხშირი იყო ტექნიკური წუნი, რამდენჯერმე დავთმეთ საჰაერო ორთაბრძოლა, გაგვიცუდდა ბოჭვები და ამან აშშ-ს საწყის 20 წუთში 3 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. მაგრამ ბორჯღალოსნებმა პირველსავე ტაიმში შეძლეს უპირატესობის დაბრუნება.
ანგარიში მატჩის დებიუტში მასპინძლებმა გახსნეს. „არწივები“ ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა და ირაკლი ქვათაძემ 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი დაასრულა, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახა. ამას მოყვა შეცდომების სერია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და აშშ-მ სამი მარტივი ლელო გაიტანა. ორი მათგანი დომინიკ ბესაგის, ხოლო ერთი ტობი ფლიქერის ანგარიშზეა. ლუკ ქართიმ სამივე გარდასახა.
მიუხედავად შეცდომებისა ტაიმის დასკვნით 20 წუთში საქართველომ შეძლო სამი საპასუხო ლელოს გატანა და ლიდერობის დაბრუნება. 21-ე წუთზე დავით ნინიაშვილს მეტოქე კარგად დაუხვდა, თუმცა გიორგი კვესელაძემ მოკლე ფრთაზე დარჩენილი მცირედი სივრცით ისარგებლა და შეუტია, ვასილ ლობჟანიძეს ოფლოუდი არ დაუგვიანა, რომელმაც თავის მხრივ ბოლო მცველი აიყვანა და კვესელაძემ თავისი პირველი ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ გარდასახა.
25-ე წუთზე მარკ ო’კიფი ნინიაშვილს ჰაერში ეთამაშა და სინბინით დაისაჯა, საქართველომ კი რიცხობრივი უპირატესობა ორ ლელოში გარდასახა. 29-ე წუთზე დერეფნიდან აგორებული მოლი გუნდის კაპიტნის, ბექა გორგაძის ლელოთი დასრულდა, ხოლო 33-ეზე თავისუფალი ჩვენს ნახევარზე სწრაფად გავათამაშეთ, ნინიაშვილი აჩქარდა და ხაზი გაჭრა, მას მარცხენა ფრთაზე გიორგი შველიძე მიყვა, კვესელაძეს დროული გადაცემა გაუკეთა და მანაც თავისი მეორე ლელოთი გუნდს ლიდერობა დაუბრუნა. აბჟანდაძის ერთი გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მეორე კი ზუსტი იყო – 26:21.
მოდუნების გარეშე
მაგრამ აშშ არ გატყდა და მოდუნების შესაძლებლობა არ მოგვცა. ტაიმის ბოლოს ქართიმ ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ ბურთი ფეხით მოკლეზე გადაიკიდა, მას თავად დაეუფლა და რომ არა ტექნიკური წუნი, ლელოს გატანა შეიძლებოდა. ამაზე აშშ-მ 50-ე წუთზე ფაზური შეტევით გვიპასუხა, თავი კარგად დავიცავით და ქართიმ ბედი არეკნით სცადა. მისი 38 მეტრიდან დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა და სტუმრები 1 ქულით დაწინაურდნენ.
ცვლილებების შემდეგ საქართველომ შერკინებაში დიდი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა 64-ე წუთამდე მისი გამოყენება ვერ მოახერხა. მერე მეტოქე მოლში კარგად დაგვიხვდა, თუმცა ფორვარდებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს და შეცვლაზე შესული ლუკა ჯაფარიძის ლელო აბჟანდაძემ გარდასახა.
რადგან სხვაობა მხოლოდ 6 ქულა იყო, 72-ე წუთზე აბჟანდაძემ ჯარიმა კარში დაარტყა. აშშ არც ახლა გატყდა და ქართიმ 78-ე წუთზე გატანილი ჯარიმით 6-ქულიანი სხვაობა აღადგინა, თუმცა დასკვნით წუთზე ნინიაშვილმა ჩვენი ნახევრიდან კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყო, ჯერ განზე იარა, მერე სივრცე შენიშნა და ხაზი გაჭრა, მას კარგადე მიყვა კვესელაძე, რომელმაც ბოჭვის მიუხედავად თორნიკე კახოიძეს ფრთაზე ოფლოუდი გაუხერხა, მისი ამოგდებული ბურთი კი გელა აფრასიძემ აიტაცა და ლელოთი მატჩის ბედი გადაწყვიტა. აბჟანდაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 43:30.
მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები ასევე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 15 ნოემბერს, კანადის წინააღმდეგ გამართავენ და ის 16:00 საათზე დაიწყება.
ტესტ-მატჩი. 8 ნოემბერი
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
საქართველო – აშშ 43:30 (26:24)
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. გიორგი შველიძე (ბრივი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ოიონა), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).
6 ლელო: ქვათაძე, კვესელაძე (2), გორგაძე, ჯაფარიძე, აფრასიძე
5 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე
rugby.ge





