ლისაბონის „სპორტინგი“, რომლის ღირსებას გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში სტუმრად იტალიის მოქმედ ჩემპიონ „ნაპოლის“ შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი პორტუგალიელთა განაცხადში იყო, მაგრამ სამწუხაროდ წუთიც არ ათამაშეს.
შეხვედრის 36-ე წუთზე ნეაპოლელთა შეტევა დე ბრუნმა თავისი ნახევრიდან დაიწყო, ხოლო მოედნის ცენტრთან მისულმა კარგი პასი ჰოილუნდს გაუკეთა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა – 1:0.
62-ე წუთზე პოლიტანომ „ნაპოლის“ საჯარიმოში არაუხო წააქცია და მსაჯის დანიშნული პენალტი ზუსტად კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა შეასრულა – 1:1.
79-ე წუთზე ლისაბონელთა ნახევარზე მყოფმა დე ბრუინმა მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში ჰოილუნდს გაუკეთა, რომელმაც კარიდან გამოსულ რუი სილვას დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„სპორტინგი“ 3 ქულით 36-გუნდიან ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. ლისაბონელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 22 ოქტომბერს შინ „მარსელთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი
