ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში თბილისის ახალა სპორტის სასახლეში სლოვაკეთს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია.
შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს მინი ფეხბურთის (ფუტსალის) ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, გურამ დურგლიშვილის ხსოვნას. გურამ დურგლიშვილი ასოციაციის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი იყო. ის 1991 წლიდან 10 წლის განმავლობში ხელმძღვანელობდა ასოციაციას.
მატჩის მე-12 წუთზე არჩილ სებისკვერაძემ შორი მანძილიდან დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. შესვენებამდე ჩვენ გუნდს გოლის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ გიორგი ჩიმაკაძის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
თუმცა, ჩიმაკაძემ მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში მეტოქის ნახევარზე ბურთი კარგად დაამუშავა და მარცხნიდან ცენტრისკენ შეწეულმა ფინტით ერთი სლოვაკი ჩამოიცილა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 2:0.
25-ე წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი ბაკომ გაქვითა. 35-ე წუთზე სებისკვერაძემ შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ძლიერად „გაისროლა“ და მეკარემ ხელებში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელიც კარში „შეგორდა“. 36-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს სლოვაკი მოთამაშის მოგერიებული ბურთი შოთა თოფურიამ კარში გადაგზავნა – 4:1.
საქართველოს ნაკრები საპასუხო შეხვედრას სლოვაკეთში 23 სექტემბერს გამართავს და წარმატების შემთხვევაში ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
ევრო 2026 მომავალი წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით რიგაში (ლატვია), კაუნასში (ლიეტუვა) და ლუბლიანაში (სლოვენია) ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





